სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საახალწლო გალაკონცერტის გენერალური რეპეტიცია გაიმართა
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საახალწლო გალაკონცერტის გენერალური რეპეტიცია გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაესწრო.
თბილისის მერის განცხადებით, პანდემიის გამო წლევანდელი საახალწლო კონცერტი განსხვავებული ფორმატის იქნება.
„ეს წელი განსხვავებული და სირთულეებით სავსე იყო. ყველაზე მთავარი გამოწვევა კი კორონავირუსთან ბრძოლა და ეს ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა. ამ ვითარებაში, რადგან ვუფრთხილდებით მოსახლეობას, მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებას და სიცოცხლეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ და მხოლოდ სატელევიზიო ეთერით იხილონ ხვალინდელი კონცერტი. დარწმუნებული ვარ, ხვალ ძალიან ისიამოვნებს ყველა ის ადამიანი, ვინც პირდაპირ ეთერში იხილავს ამ ღონისძიებას. გარდა ამისა, კიდევ გაიმართება რამდენიმე კონცერტი. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ კულტურის სფეროს ყველა წარმომადგენელი ყოფილიყო ჩართული საახალწლო ღონისძიებებში. ყველას ძალიან კარგად გვესმის სირთულეები, ძალიან კარგად გვესმის, რამდენად რთულ ვითარებაში უწევს ყველას მუშაობა და მაქსიმალურად ვცდილობთ ყველას გვერდში დავუდგეთ ამ რთულ ვითარებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
წლევანდელი გალაკონცერტი განსხვავებული ფორმატის იქნება. შემსრულებლები სპეციალურად მოწყობილ სცენაზე წარდგებიან, რომელიც რამდენიმესართულიან, აივნებიან და ტერასებიან სახლს წარმოადგენს. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პროექტი სწორედ აივნებზე, ტერასებზე და ფანჯრებთან მოწყობილი პერფორმანსების იდეას ეფუძნება.
გარდა სპეციალურ სცენაზე წარმოდგენილი მუსიკალური ნომრებისა, ასევე იქნება პირდაპირი ჩართვები თბილისის სხვადასხვა უბნიდან.
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გალაკონცერტის მიმდინარეობისას მაქსიმალურად იქნება დაცული დაწესებული რეგულაციები. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე მუსიკალურ ნომრებს ახალგაზრდები შეასრულებენ, მაღალი რისკის მქონე შემსრულებლები კი საკუთარი, საახალწლოდ მოწყობილი სახლის ფანჯრებიდან და აივნებიდან ჩაერთვებიან.
საახალწლო კონცერტის რეჟისორები ბასა ფოცხიშვილი და დავით დოიაშვილი არიან. მუსიკალური ხელმძღვანელი დათო ევგენიძე, ხოლო დამდგმელი მხატვარი თამარ ფოცხიშვილია.
კახა კალაძემ ჟურნალისტებთან 2020 წელი შეაჯამა და 2021 წლის გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება.
„2020 წელი ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რთული წელი, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ზოგადად, მთელი მსოფლიოსთვის. პანდემია იყო ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენს ქვეყანაში, ამას მოჰყვა ეკონომიკური პრობლემები, სოციალური მდგომარეობის გაუარესება. 2021 წელს ყველაზე მნიშნელოვანი იქნება არსებული სიტუაციის გამოსწორება, ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღება და სოციალური პირობების გაუმჯობესება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აგრძელებს კულტურის სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, დედაქალაქის მერია კიდევ შვიდ მუსიკალურ პროექტს განახორციელებს, რომელშიც 400-ზე მეტი არტისტია ჩართული. პროექტების ნაწილი სატელევიზიო ფორმატში, ნაწილი კი ონლაინ რეჟიმში გადაიცემა.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.