სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი თითქმის 19 მლრდ ლარამდე იზრდება
ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იზრდება 395 მლნ ლარით და საბოლოოდ დღეს 18 მლრდ 839 მილიონ ლარს შეადგენს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, ბიუჯეტიდან ჯანდაცვის სამინისტროს დამატებით გამოეყო 75.4 მლნ ლარი, ჯამში 6 მლრდ ლარზე მეტია ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება.
„მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტრო ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე უწყებაა. თანხები დაემატა – მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა, ასევე 18 წლამდე შშმ პირთა პენსიის ზრდა 25 ლარით, ეს გათვალისწინებულია გადამუშავებულ ვარიანტში. საომარ მოქმედებებში მონაწილე ვეტერანების ყოველთვიური დახმარება, რაც 22 ლარი და 44 ლარი იყო, განსხვავება იყო სხვადასხვა შემთხვევებში, მათი ზრდა არის 100 ლარამდე, რაც გათვალისწინებულია ბიუჯეტში. ასევე სასწრაფო დახმარების თანამშრომელთა და სოფლის ექიმების ხელფასების 10 პროცენტიანი ზრდა არის გათვალისწინებული. ასევე ის ახალი პროგრამა ჯანდაცვის სამინისტროსი, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნა იყო, ეს არის დიაბეტის მართვის კუთხით ახალი პროგრამა – ბავშვებში დიაბეტისთვის საზომი აპარატები, ამისთვის არის თანხა გათვალისწინებული, პლუს სპინარული ატროფიით დაავადებულთა ხელშეწყობისთვის თანხა, დაახლოებით 5 მილიონი ლარი და პლიუს ახალი პროგრამა – ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის კუთხით, რომელიც ასევე კომიტეტის მოთხოვნა იყო, ეს მიმართულებაც გათვალისწინებულია. სამივე ეს ახალი პროგრამა ასახულია ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში. ასევე გაზრდილია რეფერალური მომსახურების დაფინანსება და გაზრდილია ბავშვთა ზრუნვის პროგრამები“, – განაცხადა კაკაურიძემ.