სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან აქციაზე ბეჟან გუნავა და „ქართული არჩევანის“ ორი წარმომადგენელი დააკავეს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან აქციაზე ბეჟან გუნავა და „ქართული არჩევანის“ ორი წარმომადგენელი დააკავეს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან აქციაზე სამართალდამცველებმა სამი პირი – პარტია „ქართული არჩევანის“ ლიდერი ბეჟან გუნავა და პარტიის წარმომადგენლები, გოჩა ფერცულიანი და გიორგი შავრეშიანი დააკავეს.

ბეჟან გუნავამ და გიორგი შავრეშიანმა შენობას კვერცხები ესროლეს, ხოლო გოჩა ფურცულიანი პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, შენობის ეზოში შევიდა.

პარტია „ქართული არჩევანის“ თავმჯდომარე ორგანიზაციის წევრებთან ერთად მართავდა აქცია-პერფორმანს სახელწოდებით „შავი ფული“. ბეჟან გუნავამ რამდენჯერმე სცადა შენობაში შესვლა, რისი საშუალებაც მას სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ბეჟან გუნავა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ირაკლი მექვაბიშვილთან შეხვედრას ითხოვდა.

„წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში 100 მილიონი ლარი არ არის ასახული ქართულ ეკონომიკაში, ეს არის საქართველოში შემოსული შავი ფული. სხვადასხვა პარტიის კოორდინატორებს 200-1500 ლარის ფარგლებში აქვთ ხელფასი. ეს არის დაახლოებით 100-დან 200 მილიონამდე ლარი, გაურკვეველი წარმომავლობის ფული არის დახარჯული და არც ერთი მათგანი, არც ერთი კოორდინატორი არ არის ასახული საგადასახადო დეკლარაციაში. სულ მცირე, 20 მილიონი ლარი არის დამალული საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის. ეს არის იმ პოლიტიკური პარტიების სისხლის სამართლის დანაშაული, რომლებიც გადასახადს უმალავენ სახელმწიფოს, ამავე დროს, შავი ფულით ახორციელებენ წინასაარჩევნო კამპანიას. აუდიტის სამსახურმა უნდა დაიწყოს ამ საკითხის გამოძიება და დადოს დასკვნა. თუ დაიდება ეს დასკვნა, მაშინ საარჩევნო რეგისტრაციიდან უნდა მოიხსნას „ქართული ოცნება“, – განაცხადა ბეჟან გუნავამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პარტია „ქართული არჩევანის“ წევრები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებული.