შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვასთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის პროექტის აუდიტი ხორციელდება
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მსოფლიო ბანკის პროექტის „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვა“ (SRAMP) პირველი დამოუკიდებელი ეფექტიანობის აუდიტი დაიწყო. მსოფლიო ბანკის აღნიშნულ პროექტს (SRAMP) საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, პროექტის დამოუკიდებელი ეფექტიანობის აუდიტის ჩატარების თხოვნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მსოფლიო ბანკმა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიმდინარე წლის იანვარში მიმართეს.
მსოფლიო ბანკის პროექტის „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვა” (SRAMP) დაფინანსებაზე ხელშეკრულება საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 2016 წლის 28 მარტს გაფორმდა.
პროექტში შემუშავებულია დაფინანსების ინოვაციური ინსტრუმენტის გამოყენება, სადაც გადახდები პროექტით განსაზღვრულ შედეგების მიღწევასა (Disbursement-Linked Indicators, DLIs) და ამ შედეგების დამოუკიდებელი აუდიტის მიერ გადამოწმება/დადასტურებაზეა დამოკიდებული.
სასესხო ხელშეკრულების თანახმად, პროექტის შეფასება და მიღწეული შედეგების გადამოწმება/დადასტურება უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ მსოფლიო ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი პირობების შესაბამისად. დამოუკიდებელი აუდიტის დასრულების შემდეგ, საავტომობილო გზების დეპარტამენტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებელ ანგარიშს მსოფლიო ბანკს წარუდგენს.
მსოფლიო ბანკის პროექტის დამოუკიდებელი ეფექტიანობის აუდიტი 2016 წლის 6 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.