სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მსოფლიო ბანკის პროექტის SRAMP-ის აუდიტი დაასრულა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული SRAMP-ის ეფექტიანობის აუდიტის მიხედვით, 2016 წლის 6 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაგეგმილი შედეგები სრულყოფილია და მსოფლიო ბანკის მიერ სესხის გაცემა პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების შესაბამისად მოხდება, – აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ასეთია მსოფლიო ბანკის პროექტის „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის“ (SRAMP) სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის ნატალია სტანკევიჩის შეფასება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მსოფლიო ბანკის პროექტის – „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვა“ (SRAMP) დამოუკიდებელი ეფექტიანობის აუდიტი დაასრულა. ანგარიში 2016 წლის 6 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.
ანგარიშში ასახულია აუდიტორული კვლევის შედეგად გამოვლენილი მიგნებები და რეკომენდაციები, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორულმა ჯგუფმა შეიმუშავა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებმა პროექტის ფარგლებში გაწეული ხარჯების დადასტურების მიზნით, შუალედური ფინანსური ანგარიშები (IFR) და პროექტის მართვის სახელმძღვანელოსა და პროექტის შეფასების დოკუმენტთან შესყიდვის პროცესის შესაბამისობა შეამოწმეს. აუდიტორებმა ასევე შეისწავლეს განახლებული ხუთწლიანი პროგრამისა და მეორე წლისთვის მომზადებული გეგმის შესაბამისობა „გზების აქტივების შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის მრავალწლიანი გეგმის მომზადების სახელმძღვანელოსთან“.
გენერალური აუდიტორის ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული მსოფლიო ბანკის პროექტის აუდიტორული კვლევა, სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, ასახავს მსოფლიო ბანკის ზოგად პოლიტიკას და ეფუძნება მათ მიერ დაწესებულ პროცედურებს.
„საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების აუდიტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რაც პირდაპირპროპორციულად მოქმედებს აუდიტორების პროფესიულ განვითარებასა და კვალიფიკაციაზე და მაღალ სტანდარტს უწესებს თითოეულ აუდიტორს. საერთაშორისო პროექტებში ჩართვა თვისობრივად ცვლის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიდგომებს და ამყარებს თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმს“, აღნიშნა ირაკლი მექვაბიშვილმა.
გენერალური აუდიტორის განცხადებით, ჩატარებული აუდიტის ხარისხი სამსახურის მაღალ სანდოობას ადასტურებს, რაც დამოუკიდებელი და მაღალკვალიფიციური უწყების ინსტიტუციურ განვითარებაზე მიუთითებს.
უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებული პროექტის აუდიტი პირველად განახორციელა.
პროექტის ეფექტიანობის აუდიტის ჩატარების და შედეგების დამოწმების თხოვნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმდინარე წლის იანვარში მსოფლიო ბანკმა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიმართეს.
პროექტში შემუშავებულია დაფინანსების ინოვაციური ინსტრუმენტის გამოყენება, სადაც გადახდები პროექტით განსაზღვრული შედეგების მიღწევასა და ამ შედეგების დამოუკიდებელი აუდიტის მიერ გადამოწმება/დადასტურებაზეა დამოკიდებული.
მსოფლიო ბანკის პროექტის – „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვა” (SRAMP) დაფინანსებაზე ხელშეკრულება საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 2016 წლის 28 მარტს გაფორმდა.
SRAMP-ის მომდევნო ეფექტიანობის აუდიტი ჩატარდება 2019 წლის დასაწყისში და 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.