სახელმწიფო აუდიტის სამსახური - საქართველოს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ერთიანი ეროვნული სტრატეგია არ აქვს
სახელმწიფო აუდიტის სამსახური - საქართველოს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ერთიანი ეროვნული სტრატეგია არ აქვს

საქართველოს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ერთიანი ეროვნული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა არ აქვს, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ, ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სისტემის ეფექტიანობის აუდიტშის ანგარიშშია ნათქვამი.

აუდიტის მიზანი იყო იმის დადგენა, რამდენად საკმარისია ქვეყანაში არსებული რეგულაციები და კონტროლის მექანიზმები სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ეფექტიანი სისტემის უზრუნველსაყოფად. შემოწმება 2015-2017 წლების პერიოდს მოიცავს და მისი ობიექტი იყო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და მის კონტროლს დაქვემდებარებული უწყებები: სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და სსიპ − სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ინფექციების პრევენციისა და მართვის საკითხები მხოლოდ ფრაგმენტულად არის ასახული 2017-2020 წლების ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო და 2016-2020 წლების ცე ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნულ სტრატეგიებში, რაც არ არის საკმარისი პოლიტიკის განსასაზღვრად.

ანგარიშის თანახმად, კანონმდებლობა, ერთი მხრივ, ავალდებულებს დაწესებულებას აღრიცხოს სტაციონარში მყოფი ავადმყოფის ძირითადი დაავადების თანმხლები ინფექციები და მეორე მხრივ, არ მოითხოვს მათი დადასტურებისთვის აუცილებელ ერთ-ერთ ინსტრუმენტს – მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიას.

„შესაბამისად, საქმიანობის დაწყების ეტაპზე არ არის განსაზღვრული მექანიზმი, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა სტაციონარული დაწესებულებების მიერ ნოზოკომიური ინფექციების გამოვლენა, დადასტურება და აღრიცხვა“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ კანონმდებლობა არ მოითხოვს, შემოწმდეს სტომატოლოგიური სამედიცინო დაწესებულებები საქმიანობის დაწყების ეტაპზე, აკმაყოფილებენ თუ არა სავალდებულო მოთხოვნებს, ამავე დროს, შესამოწმებელი დაწესებულებების შერჩევის კრიტერიუმად არ არის განსაზღვრული ახლად გახსნილი სტომატოლოგიური დაწესებულებების შემოწმება, რაც, ანგარიშის თანახმად, ზრდის პაციენტების უსაფრთხოების რისკებს.

დოკუმენტის თანახმად, არ არის შემუშავებული დეტალურად გაწერილი მეთოდოლოგია, რომლის მიხედვით, რეგულირების სააგენტო უნდა ახორციელებდეს სამედიცინო დაწესებულებების კონტროლს, რაც ზრდის იმის რისკს, რომ სრულად ვერ გამოვლინდება სტაციონარულ დაწესებულებებში არსებული ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სისტემის ნაკლოვანებები.

ანგარიშის ავტორები სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ უწყებებს რამდენიმე რკომენდაციასაც აძლევენ. ერთ-ერთი რეკომენდაციის თანახმად, სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სისტემის ეფექტიანად ფუნქციონირების მიზნით, მნიშვნელოვანია ეროვნულ დონეზე შემუშავდეს ერთიანი სტრტატეგია, რაც უზრუნველყოფს ჯანდაცვის სისტემაში ერთიანი პოლიტიკის არსებობას და მისი დაქვემდებარებული ერთეულების კოორდინირებულ მუშაობას.

ასევე ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომ სტაციონარული დაწესებულებების საქმიანობის დაწყებამდე დადასტურდეს მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაზე ხელმისაწვდომობა. ამასთან, მნიშვნელოვანია, დეტალურად გაიწეროს კონტროლის განხორციელების სახელმძღვანელო.

აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 100 ჰოსპიტალიზებულ პაციენტზე საშუალოდ 7-დან 10 პაციენტამდე ინფიცირდება, სულ მცირე, სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ერთი ინფექციით, რაც მნიშვნელოვნად აუარესებს სიკვდილიანობის მაჩვენებელს და სამედიცინო სისტემისთვის ფინანსურ ხარჯს ზრდის.