სახელმწიფომ 2 566 180 ლარის ღირებულების დეფიბრილატორები შეიძინა, რომლებიც კლინიკებში გადანაწილდება
სახელმწიფომ 2 566 180 ლარის ღირებულების დეფიბრილატორები შეიძინა, რომლებიც კლინიკებში გადანაწილდება

არაერთი მოლაპარაკებიდან გამომდინარე, რომელიც იმართებოდა არითმოლოგთა ასოციაციის წევრებთან, მასში უშუალოდ იყო ჩართული ასოციაციის თავმჯდომარე, მოხდა შეჯერება, როგორი უნდა ყოფილიყო ტოპოლოგია იმ დეფიბრილატორის, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშირისო სტანდარტებს და გავითვალისწინეთ პაციენტების ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ჩატარდა ფასთა კვლევა, დადგინდა, როგორი ტიპის დეფიბრილატორების შეძენა იყო საჭირო, გაიმართა ტენდერი და 7 დეკემბერს მოხდა გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა.

„ეს კომპანია არის მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიებში, რომელიც აშშ-ში წარმოებულ დეფიბრილატროს მიაწვდის სახელმწიფოს. ამან მოგვცა საშუალება, რომ 2,2-ჯერ შეგვემცირებინა პროგრამის ღირებულება. საერთო ჯამური ღირებულება შესყიდვის არის 2 566 180 ლარი, შესყიდულია 224 დეფიბრილატორი, როგორც ერთ, ისე ორ და სამკამერიანი დეფიბრილატორები. ღირებულება მერყეობს მათი მოცულობიდან გამომდინარე. ეს დეფიბრილატორები ცენტრალიზებულად კლინიკებში გადანაწილება, სადაც ამ სერვისის მიღება შეეძლებათ ჩვენს პაციენტებს. მნიშვნელოვანია, რომ მომსახურების ღირებულება დადგინდება 3000-დან 3500 ლარამდე. წინა პერიოდში მათ უწევდათ 17 000-19 000 ათასიდან გადაეხადათ 10 პროცენტი კლინიკისთვის. ეს მიუთითებს, რომ მნიშვნელოვნად შემცირდება მოქალაქეების მიერ ჯიბიდან გადასახდელი თანხა, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამასთან, ვგეგმავთ, ამ პროგრამით მოსარგებლეთა კატეგორიის გაფართოებასაც“, – განაცხადა ტიკარაძემ.