სახელისუფლო კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში და ევროპის საუკეთესო სამეულში მოხვდა
2019 წლის პირველ ოქტომბერს მსოფლიო ბანკმა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულშია.
კორუფციის კონტროლის შეფასებისას მსოფლიო ბანკი დაეყრდნო 11 სხვადასხვა მასშტაბურ კვლევას და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების კვალიფიციურ ექსპერტიზას, რომელთა შორის აღსანიშნავია, ორგანიზაცია Transparency International (TI – საერთაშორისო გამჭვირვალობა) სპეციალური გამოკვლევა. კვლევა, რომელიც „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მეთოდოლოგიით გადამუშავდა, საშუალებას იძლევა სარეიტინგო თვალსაზრისით შეფასდეს სახელისუფლებო კორუფციის კონტროლის დონე მთელს მსოფლიოში, სამივე მიმართულებით – საკანონმდებლო ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება/საჯარო მოხელეები და სასამართლო. შემაჯამებელი შეფასების 100 პროცენტიანი სკალიდან საქართველომ 93 პროცენტი მიიღო, მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში და ევროპის საუკეთესო სამეულში მოხვდა.
მსოფლიოს საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება: გერმანია, ესტონეთი, ავსტრალია, ჰონგ კონგი, საქართველო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ დაკვეთილი კვლევა აგროვებს მონაცემებს შინამეურნეობებისგან. ეს არის კორუფციის კომპოზიციური ინდიკატორი, რომელიც დაფუძნებულია მონაცემთა წყაროების სუბდონეების ერთობლიობაზე, რომელიც გამოყენებულია კორუფციის კონტროლის ინდიკატორში. ყოველ წელს ხდება ქულების გენერირება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც გაშუქდნენ წინა წლებში (ორამდე), მაგრამ არა მიმდინარე წელს. თავის მხრივ, გლობალური მმართველობის ინდიკატორები (World Governance Indicators) წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს (მაგალითად, Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project და ა.შ. სულ 33 ). აღნიშნული მონაცემები თავის მხრივ, ეყრდნობა კვლევით ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ისევე, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს. არსებული გლობალური რეიტინგების აგრეგაციის გზით გლობალური მმართველობის ინდიკატორების მიერ ხდება ახალი ერთიანი მაჩვენებლების მიღება.
გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის მსოფლიო ბანკის წევრი 189 სახელმწიფო. კვლევა მოიცავს პერიოდს 1996 წლიდან 2018 წლის ჩათვლით.
ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა.