სახელფასო დავალიანების გადახდის მოთხოვნით, ფოთში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციაზე დასაქმებულები გაიფიცნენ
კუთვნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, ფოთში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციაზე დასაქმებულები პირები გაიფიცნენ.
20-მდე დასაქმებული ორი თვის სახელფასო დავალიანების გადახდას ითხოვს.
ფოთში საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოებს თურქული კომპანია ახორციელებს. სისტემის რეაბილიტაცია რამდენიმე წლის წინ დაიწყო. მანამდე აღნიშნულ სამუშაოებს სხვა ფირმა აწარმოებდა თუმცა მან ტენდერით დაკისრებული მოვალეობები ვერ შეასრულა და მუშაობა შეწყვიტა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თურქული კომპანია მათი დავალიანების დაფარვას ძველ კომპანიას აკისრებს.
დღეს გაფიცულებს კომპანიის წარმომადგენელი შეხვდა, რომელმაც ვერ დააკონკრეტა ზუსტად როდის გადაუხდიან სახელფასო დავალიანებას დასაქმებულებს. ამასთან, კომპანიის წარმომადგენლები კომენტარზე უარს აცხადებენ.