სახაზინო ადვოკატს მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია ჯერ არ ჰქონია, ამის შესახებ სოფიო გოგლიჩიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
საუბარია სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალების ეპიზოდზე, სადაც მიხეილ სააკაშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად. სახაზინო ადვოკატმა, რომელიც პროცესში დღეს ჩაერთო, მტკიცებულებების გაცნობისთვის ერთთვიანი ვადა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ მას ერთი კვირა მისცა.
„საქმეში გუშინ ჩავერთე, შეუძლებელი იყო, კომუნიკაცია მქონოდა ბრალდებულთან და მის ადვოკატებთან, მასალებს არ ვიცნობ და თუკი 22 დეკემბრამდე გაცნობას და დასკვნითი სიტყვის მომზადებას ვერ მოვასწრებ, ისევ მოვითხოვ პროცესის გადადებას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა.
სოფიო გოგლიჩიძე საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც მიხეილ სააკაშვილმა დაქირავებული ადვოკატების აცილება მოითხოვა.