შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ახალი, ევროპული სტანდარტის ორი ერთეული ყველგანმავალი „კვადროციკლი“ გადაეცა.
„ახალი ტექნიკა მნიშვნელოვნად გაზრდის მეხანძრე-მაშველთა მობილურობასა და ეფექტიანობას ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების დროს.
სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ბორჯომის სამმართველოს მეხანძრე-მაშველებს ახალი ტექნიკის გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა და საქართველოში ესტონეთის ელჩმა რიინა კალიურანდმა გადასცეს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ყველგანმავლები მეხანძრე-მაშველებს ბორჯომის განვითარების ჯგუფისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გადაეცათ. აღნიშნული პროექტი ბორჯომის განვითარების ჯგუფსა და ესტონეთის მოხალისე მაშველთა ასოციაციაზე გაცემული გრანტის ფარგლებში ევროკაშირმა დააფინანსა და მიზნად ისახავს ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტყის ხანძრების პრევენციისა და მათზე რეაგირების ეფექტიანობის გაზრდას.