სახანძრო ნორმების დარღვევის გამო, მიმდინარე თვეში 37 სასტუმრო დაჯარიმდა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით 97 სასტუმრო შეამოწმა, აქედან 37 ადმინისტრაციული წესით 200 ლარით დააჯარიმა.
როგორც პირველ არხს უწყებაში განუმარტეს, დაჯარიმების მიზეზი მათ მიერ გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობა გახდა.
„სასტუმროები დაჯარიმდნენ, რადგან ობიექტებში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები მწყობრში არ იყო და ადმინისტრაციებმა ზედამხედველობის სამსახურის რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს“, – განუმარტეს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
უწყების ინფორმაციით, პირველი აგვისტოდან გაიზარდა იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომლებიც სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებას დაექვემდებარებიან. თუ აქამდე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს არ ჰქონდა უფლება შემოწმების მიზნით შესულიყო სასტუმროში, რომლის ნომრების რაოდენობაც არ აღემატებოდა 100-ს, ეს შეზღუდვა მოიხსნა და კონტროლს დაექვემდებარნენ საოჯახო ტიპის სასტუმროებიც.
გარდა ამისა, გამკაცრდა სანქციები სახანძრო უსაფრთხოების დარღვევისთვის. თუ აქამდე მაქსიმალური ჯარიმა 200 ლარი იყო, ახალი რეგულაციით, სანქციის თანხა 2000-დან 5000 მდე მერყეობს.