სახალხო დამცველთან არსებული მედიკოსთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ პოსტტრავმული სტრესული აშლილობის გამო, მიხეილ სააკაშვილი გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ უნდა გადაიყვანონ
ადამიანს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა რადგან აქვს, ეს იმას გულისხმობს, რომ სტრესი ზუსტად პენიტენციურ დაწესებულებაში მიიღო, ყველაზე მეტად გლდანში, ამიტომ იქ გადაყვანას ჩვენ არ ვუჭერთ მხარს, – ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე სახალხო დამცველთან არსებული სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით წულაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რეკომენდებულია თუ არა ახლა კლინიკიდან მიხეილ სააკაშვილის ისევ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა.
„ადამიანს რადგან აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, ეს იმას გულისხმობს, რომ ეს ტრავმა, სტრესი ზუსტად იქ მიიღო, პენიტენციურ დაწესებულებაში, ყველაზე მეტად გლდანში. ამიტომ იქ გადაყვანას ჩვენ არ ვუჭერთ მხარს იმ გაგებით, რომ პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მკურნალობა უნდა მოხდეს იმ გარემოში, რომელიც ადამიანს არ აგონებს იმ გარემოს, სადაც სტრესი მიიღო“, – აღნიშნა თენგიზ წულაძემ.
ამასთან, თენგიზ წულაძემ განმარტა, რომ პოსტტრავმულ სტრესში იგულისხმება ე.წ. შუმოკები, გადაყვანის სტრესი, დაპატიმრების სტრესი. „ძველი სტრესებიც მოჰყვება მას და ამან კიდევ უფრო გაუახლა ეს სტრესები“, – დასძინა თენგიზ წულაძემ.
თენგიზ წულაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებო რჩება.
„ნევროლოგიური სიმპტომატიკიდან რჩება გარკვეული პათოლოგია, წონასწორობის დარღვევა, ზოგადი სისუსტე, გამოხატულია ანემია, ფსიქიური თვალსაზრისით არის მძიმე დეპრესია და ჩვენი მოსაზრებით, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. პაციენტის მკურნალობა მიმდინარეობს და სტაბილურია, თუმცა გვაქვს მოსაზრებები, რაც დეტალურად გავწერეთ დანართში. 25 ნოემბერს გავეცით ფსიქოთერაპიის შესახებ რეკომენდაცია, მაგრამ არ შესრულდა რაღაც მიზეზების გამო და ახლაც ვაკეთებთ ამაზე აქცენტს. რაც შეეხება ფიზიკურ რეაბილიტაციას, ძალიან მნიშვნელოვანია. ნევროლოგიური დაავადებები ხშირად არ მთავრდება ერთ დღეში, ერთ კვირაში და ხანგრძლივად საჭიროებს რეაბილიტაციას. რეაბილიტაციას ხელს უშლის დეპრესიაც და პოსტტრავმული სტრესული აშლილობაც. ფსიქოთერაპია ამ მხრივაც დაგვეხმარება, რომ რეაბილიტაცია სრული მოცულობით ჩატარდეს“, – განაცხადა თენგიზ წულაძემ.