სახალხო დამცველმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის შეჩერების მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა
საქართველოს სახალხო დამცველი შუამდგომლობით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, შეჩერდეს იმ ნორმატიული აქტების მოქმედება, რომლებიც განსაზღვრავენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევას.
„2019 წლის პირველ ნოემბერს სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მოქალაქის საჯარო თანამდებობის დაკავებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის №3/24/1459 საოქმო ჩანაწერით, სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
2020 წლის 17 მარტს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებით, უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლის თანამდებობაზე წარმოშობილ ვაკანსიაზე, კანდიდატთა შერჩევის პროცედურა დაიწყო. საქართველოს სახალხო დამცველი თვლის, რომ ამ პროცესის მომწესრიგებელი კანონმდებლობა შეიცავს კანდიდატების შერჩევის პროცესის თვითნებურად წარმართვისა და მონაწილე კანდიდატთა კონსტიტუციური უფლების შეუქცევადი დარღვევის საკმაოდ მაღალ საფრთხეს. აღნიშნული რისკების შესახებ ასევე მითითებულია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არაერთ დოკუმენტში. შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია სადავო ნორმების შეჩერება, რაც ავტომატურად მოსამართლეთა შერჩევის პროცესს გააჩერებს.
სწორედ აღნიშნულის გამო, საქართველოს სახალხო დამცველმა მიიღო გადაწყვეტილება და მიმართა შუამდგომლობით საკონსტიტუციო სასამართლოს სადავო ნორმატიული აქტების შეჩერების მოთხოვნით. იმედს ვიტოვებთ, საკონსტიტუციო სასამართლო შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად ოპერატიულად იმსჯელებს აღნიშნული საკითხის თაობაზე“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.