სახალხო დამცველმა საპარლამენტო ანგარიშში ნარკოპოლიტიკაზე, ციხეებში არსებულ მდგომარეობასა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებზე ისაუბრა
საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებების მდგომარების შესახებ პარლამენტში ანგარიში წარადგინა.
ნინო ლომჯარიამ პარლამენტის სხდომაზე რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე, ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და არსებულ ნარკოპოლიტიკაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ხშირად ამაყობს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული ცვლილებებით და რეალურად ბევრი კარგი ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ გასაკეთებელი უფრო მეტია.
„პრობლემას წარმოადგენს პატიმრებს შორის ძალადობა, ციხის კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობა. დიდი ზომის სასჯელაღსრულების დაწესებულებები არ იძლევა პატიმრის სათანადოდ მეთვალყურეობის შესაძლებლობას”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მისივე თქმით, აუცილებელია ახალი, მცირე ზომის დაწესებულებების აშენება, რომლებიც მაქსიმალურად გამორიცხავს პატიმართა შორის არაფორმალურ მმართველობას და გაამარტივებს რეაბილიტაციას.
„საბჭოთა მემკვიდრეობა ბევრი რამით აფერხებს საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას და ერთ-ერთი ასეთი შემაფერხებელი საპატიმრო დაწესებულებების არქიტექტურაა“, – განაცხადა სახალხო დამცველმა პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას.
ამასთან, ნინო ლომჯარიამ ფსიქიატრიულ დაწესებულებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში უმძიმეს საყოფაცხოვრებო პირობებში მოთავსებულ პირებს არ აქვთ შესაძლებლობა მიაწვდინონ ხმა საზოგადოებამდე.
„ფსიქიატრიულ დაწესებულებათა უმეტესობა პრივატიზებულია. მართალია სათემო სერვისების განვითარებისა და დეინსტიტუციონალიზაციის თანმიმდევრული პოლიტიკა აუცილებლად უნდა განხორციელდეს, მაგრამ ამავდროულად საჭიროა ფინანსური რესურსის მობილიზება და დაწესებულებების გარემონტება იმ დონემდე, რომ ადამიანების ყოფამ მინიმალური მოთხოვნები დააკმაყოფილოს”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მისივე თქმით, ფაქტი, რომ უმკაცრესი ნარკოპოლიტიკის მიუხედავად, ყოველწლიურად ძალიან ბევრი ადამიანი კვდება ნარკოდამოკიდებულების გამო, ადასტურებს ცვლილებების აუცილებლობას, რომლის მთავარი შედეგი იქნება ნარკომომხმარებელთა განხილვა არა დამნაშავეებად არამედ, სამედიცინო საჭიროების მქონე პირებად.
„მინდა, მხარდაჭერა გამოვუცხადო ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებულ და ინიცირებულ კანონპროექტს“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.