სახალხო დამცველმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა მოინახულა
რუსეთ-საქართველოს ომიდან მე-16 წლისთავზე საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლები – გორაკა და საკორინთლო მოინახულა, შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათი პრობლემები მოისმინა.
ადგილობრივებმა მთავარ პრობლემად სარწყავი წყლის არარსებობა დაასახელეს, ასევე სოფელში ბავშვებისთვის გასართობი სივრცის მოწყობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
„სამწუხაროდ, 16 წლის თავზე ჩვენ ისევ გვიწევს საუბარი ოკუპაციაზე, რაც მოქალაქეებისთვის, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის არის ნამდვილად დამანგრეველი. დამანგრეველი ბევრი თვალსაზრისით. დაწყებული უსაფრთხოებიდან, დასრულებული მათი დევნილობით, და ამ ყველაფერს, საბოლოოდ, ართულებს ის გარემოება, რომ პერიოდულად ჩვენ ვხედავთ ისეთ მოვლენებს, სიტუაციის ისეთ გამწვავებებს, როგორიც ვნახეთ კირბალში, სამწუხარო ფაქტი, როდესაც თამაზ გინტური იქნა მოკლული“, – განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა.