სახალხო დამცველმა დისტანციური წესით გამართული სასამართლო სხდომების მონიტორინგის ანგარიში წარადგინა
სახალხო დამცველმა 18 მაისიდან 22 ივნისის ჩათვლით, დისტანციური წესით გამართული სისხლის სამართლის 279 საქმეთა სასამართლო სხდომების მონიტორინგის ანგარიში წარადგინა.
ანგარიშში საუბარია, რომ სხდომების მნიშვნელოვანი ნაწილი დაგვიანებით იწყებოდა, ამის მიზეზი კი პენიტენციური დაწესებულებების ინფრასტრუქტურული გაუმართაობა იყო.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, დისტანციური წესით ჩატარებულ სხდომებზე ბრალდებულთა უმეტესობისთვის ადვოკატთან კონფიდენციალური გასაუბრების შესაძლებლობა არ არსებობდა. ასევე მოწმეთა დაკითხვის დროს ტექნიკური ხარვეზის გამო რთული იყო მათი ვიზუალური აღქმა და საუბრის გარჩევა.
სახალხო დამცველი პარლამენტს რეკომენდაციით მიმართავს, დისტანციური პროცესის დროს მოწმეთა დაკითხვის წესის რეგულირება მოხდეს. ასევე რეკომენდაცია არის იუსტიციის საბჭოსთვის, რომ ადვოკატსა და ბრალდებულს შორის კონფიდენციალური კომუნიკაციის შესაძლებლობა იყოს.