საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ეხმაურება იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებას, რომელიც სამინისტროს მიერ სახალხო დამცველისთვის გაგზავნილ კითხვარს ეხება.
კერძოდ, საუბარია განცხადებაზე, სადაც რატი ბრეგაძე ამბობს: „სახალხო დამცველის აპარატს 30 აპრილს გავუგზავნეთ კითხვები, რაზეც პასუხები არ მიგვიღია. ამის ნაცვლად, მივიღეთ შეთავაზება სამუშაო ფორმატში შეხვედრაზე, რასაც გადაწყვეტენ ექიმები. ჩვენი კითხვები შეეხებოდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის არასაჯარო ნაწილს“.
სახალხო დამცველის მოადგილის განცხადებით, მზად არიან, კვალიფიციურმა ექიმებმა ზეპირ ფორმატში შესაბამის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებს ყველანაირი ინფორმაცია მიაწოდონ. მისივე თქმით, დასკვნის არასაჯარო ნაწილი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონკრეტულ პარამეტრებს შეეხება.
„ამ კითხვარში რაიმე განსაკუთრებული საიდუმლო არ არის. რატი ბრეგაძეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ სამსახურს თუ სურთ ამ ინფორმაციის გასაჯაროება, სრულიად გაუგებარი, ამოუხსნელია, რატომ სურთ, სახალხო დამცველის აპარატმა გაასაჯაროოს ეს საკითხი. თუ ისინი მიიჩნევენ, რომ გარკვეული საჯარო ინტერესი არსებობს, აქვთ შესაბამისი სოციალური მედიის გვერდები, ვებგვერდები, აქვთ შესაბამისი წვდომა მედიაზე და ბუნებრივია, შეუძლიათ გასაჯაროება. ჩვენ ვიმსჯელეთ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც მათ კითხვები მოგვაწოდეს. იქედან გამომდინარე, რომ ამ კითხვებში ჩვენ რაიმე განსაკუთრებული ვერ ვნახეთ, უფრო გახსნილ ფორმატს ვთავაზობთ. თუკი რაიმე დამაზუსტებელი იქნება, მზად ვართ, ჩვენმა კვალიფიციურმა ექიმებმა შესაბამის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებს ზეპირ ფორმატში ყველანაირი ინფორმაცია მიაწოდონ. ჩვენს ე.წ. კონსილიუმს არაერთი დასკვნა მოუმზადებია და აქამდე ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების დასმა არ ხდებოდა. ვერც ახლა ვხედავთ რაიმე განსაკუთრებულ გარემოებას, რის გამოც მაინცდამაინც წერილობით კითხვებზეა საუბარი. ჩვენ და ჩვენს ექიმებს ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი. ჩვენი ექიმები სრულად არიან დარწმუნებული დასკვნაში. ისინი არიან მაღალკვალიფიციურები და მათ მიერ მომზადებული დასკვნა ეფუძნება მათ ნააზრევს, მსჯელობას, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების, სხვადასხვა პროფილის ექიმების პოზიციების ურთიერთშეჯერებას. ამ თვალსაზრისით ვერანაირ დაბრკოლებას ვერ ვხედავთ, თითქოს ჩვენ არ გვაქვს პასუხი რაღაცაზე. გასაჯაროებული არ არის კონკრეტული მონაცემები, რაც პაციენტის ჯანმრთელობის კონკრეტულ პარამეტრებს ეხება – რამდენია რაღაც მაჩვენებელი, გასინჯვის შედეგად უშუალოდ რა გამოჩნდა. სამედიცინო დოკუმენტში, რაც ყველა ჩვენგანს გვინახავს ექიმთან მისვლისა და შემოწმების შემდეგ, კონკრეტული სამედიცინო პარამეტრები არის მითითებული. წინა დასკვნების შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ნაწილები ყოველთვის დახურულად მივაწოდეთ პენიტენციურ სამსახურს. აქამდე არსებული პრაქტიკა ასეთი იყო. ასე რომ, ეს არის ჩვეულებრივი ინფორმაცია, რომელიც დახურულია და შეეხება პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონკრეტულ პარამეტრებს. ჩვენი მთავარი მიზანია, მაღალპროფესიულად და პროფესიულ სტანდარტებზე დაყრდნობით მოვამზადოთ შესაბამისი დოკუმენტები. შეიძლება, სხვადასხვა პოლიტიკოსმა სხვადასხვა შეფასება გააკეთოს, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფისთვის რაღაცა მისაღები იყოს, რაღაც – არა, მაგრამ საბედნიერიდ, ჩვენ ამ კუთხით არ ვსდევთ ჟამთასვლას. ჩვენთვის მთავარია პროფესიონალიზმი, ის სტანდარტები, რომლებიც არსებობს. ჩვენ ჩვენი მიდგომა, სტანდარტი გვაქვს, რომელიც ეფუძნება პროფესიონალიზმს და პროფესიულ სტანდარტებს“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
გიორგი ბურჯანაძემ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი. სახალხო დამცველის მოადგილეს იმედი აქვს, რომ სააკაშვილი ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც მისი ჯანმრთელობისთვის იქნება მნიშვნელოვანი.
„ალბათ გამიჭირდება, მიხეილ სააკაშვილის პირობების კომენტირება. ბუნებრივია, ვუსურვებ ჯანმრთელობას. იმედი მაქვს, მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მისი ჯანმრთელობისთვის იქნება მნიშვნელოვანი. იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა ნაბიჯი, რაც იქნება გადადგმული პენიტენციური სამსახურისგან, იქნება პატიმრის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართული. ჩვენი მოწოდებაც მათ მიმართ სწორედ ესაა- მიეწოდოს პატიმარს ადეკვატური სამედიცინო სერვისები და ბუნებრივია, ამის მიმართ მიმღებლობა იყოს პაციენტის მხრიდანაც. ჩვენს ექიმებს კონკრეტული შეფასებები აქვთ გაკეთებული. ეს საჭიროება უნდა იქნას უზრუნველყოფილი სპეციალური პენიტენციურ სამსახურის მიერ. თუ ადგილზე ვერ მიეწოდება, მაშინ უნდა განვიხილოთ შესაძლებლობა, რომ სერვისის მიწოდება მოხდეს, მათ შორის სხვა ქვეყანაშიც. თუმცა რასაკვირველია, ექიმების შესაფასებელია, არის თუ არა ადგილზე სამედიცინო სერვისის მიწოდების შესაძლებლობა“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სააკაშვილის თავდებობას, გიორგი ბურჯანაძემ საკითხის შეფასებისას აღნიშნა, რომ ამის შესაძლებლობას კონსტიტუცია ვერ ითვალისწინებს.
„მედიიდან შევიტყვე ამის შესახებ. ბუნებრივია, ამის შესაძლებლობას ჩვენი კონსტიტუცია ვერ ითვალისწინებს. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. რამდენადაც ვიცი, მისჯილი პირის მიმართ თავდებობასთან დაკავშირებით იურიდიული შესაძლებლობა არ არსებობს, თუმცა დასაზუსტებელი მაქვს აღნიშნული საკითხი“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.