სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით შეხვედრაზე დასწრებას „სტრატეგია აღმაშენებელიც“ გეგმავს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრაზე დასწრებას „სტრატეგია აღმაშენებელიც“ გეგმავს.
როგორც მანჯგალაძემ განაცხადა, შერჩევის პროცედურა ძალიან კარგი პრაქტიკაა, როდესაც ხელისუფლება არ ერევა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ასახელებენ კანდიდატს. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ თუ რევიზიას მოახდენს, მკაცრი რეაგირება ექნებათ.
„სახალხო დამცველთან დაკავშირებით ოპოზიციის სამუშაო ფორმატში ვიმსჯელეთ და შეთანხმებული ვართ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ხელისუფლებაც ამბობს, რომ ბევრი ცვლილება არ სჭირდებათ და დღეს აპირებენ არა სამუშაო ფორმატში, არამედ უბრალოდ შეხვედრას, კომუნიკაციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ამ საკითხზე „ქართული ოცნება“, რომ დავაფიქსიროთ საბოლოო პოზიცია.
ვფიქრობთ, ის წესი, რაც აქამდე არსებობდა, რომლის მიხედვით შეირჩა წინა ორი სახალხო დამცველი, არის სწორი პროცედურა და ამის შეცვლა, რეკომენდაციების დარღვევა იქნება. ამიტომ მოვუსმენთ „ქართული ოცნების“ პოზიციას და დავაფიქსირებთ ჩვენსას. „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიციაა, რომ ვინაიდან, ეს არ არის სამუშაო ფორმატი და უბრალოდ შეხვედრაა, უნდა მივიდე, თუმცა ვაპირებთ, კონსულტაციების გავლას პარტნიორებთან, მაგრამ არ მგონია, ეს პოზიცია შეიცვალოს ორ საათამდე.
რაც შეეხება შერჩევის პროცედურას, ეს არის ძალიან კარგი პრაქტიკა, როცა ხელისუფლება არ ერევა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ასახელებენ კანდიდატს. ჩვენ არ ვაპირებთ ამის რევიზიას, თუ „ქართული ოცნება“ მოახდენს რევიზიას, გვექნება მკაცრი რეაგირება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.