სახალხო დამცველი - ახმეტის ზოგიერთ ბაგა-ბაღში აღსაზრდელებს იატაკზე დაფენილ ლეიბებზე აძინებენ
საქართველოს სახალხო დამცველმა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერს საბავშვო ბაგა-ბაღების კეთილმოწყობის მიზნით დროული და კომპლექსური ღონისძიებების გატარების რეკომენდაციით მიმართა.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ სოფლების – ქისტაურისა და ზემო ხოდაშენის, ასევე ახმეტის N5 და N6 საბავშვო ბაგა-ბაღებში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, მოუწესრიგებელია სასწავლო და სააღმზრდელო გარემო, არ არის უზრუნველყოფილი უსაფრთხოება, ფიზიკურ-ინფრასტრუქტურული და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები.
„კერძოდ: ხშირად, ბავშვების საძინებლები განლაგებულია ნესტიან და ავარიულ ოთახებში, სადაც არ არის საკმარისი საწოლები, რის გამოც აღსაზრდელებს იატაკზე დაფენილ ლეიბებზე და სკამებზე აძინებენ;
ბაღებში მოსაწესრიგებელია სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა; ბავშვებსა და თანამშრომლებს საერთო საპირფარეშოები აქვთ; ცხელი წყალი მხოლოდ ზამთარში მიეწოდებათ, ძირითადად კი, აღსაზრდელებს ცივი წყლით უხდებათ ხელის დაბანა;
ერთ-ერთ ბაღში ადმინისტრაციამ რამდენჯერმე დააფიქსირა მღრღნელები, ქვეწარმავლები და მწერები. ზოგადად, ეზოების კეთილმოწყობის პრობლემა ყველა ბაღში დგას;
ბავშვებისთვის არ არის მისაწვდომი საკმარისი რაოდენობისა და უსაფრთხო სასწავლო მასალა, ახალი სათამაშოები და თვალსაჩინოებები;
საბავშვო ბაღებში ძირითადად კადრების სიმცირის პრობლემაა და საჭიროებს აღმზრდელებისა და ძიძების შტატების დამატებას;
არასაკმარისია ბავშვების სააღმზრდელო ჯგუფები და რიგ შემთხვევაში, სხვადასხვა ასაკის ბავშვები ერთ ჯგუფში ირიცხებიან, რაც აბრკოლებს ხარისხიანი სკოლამდელი განათლების მიღებას”, – აღნიშნულია სახალხო დამცველის ინფორმაციაში.
სახალხო დამცველის რეკომენდაციით, აუცილებელია, გადაუდებლად განხორციელდეს საბავშვო ბაგა-ბაღების ფიზიკური გარემოს კეთილმოწყობა და მოწესრიგება, სათანადო ინვენტარით აღჭურვა და ადაპტირება ბავშვთა საჭიროებების შესაბამისად.