სახალხო დამცველის აპარატში ვერ აკონკრეტებენ, როდის ექნებათ დასკვნა ზვიად დევდარიანის საქმეზე
სახალხო დამცველის აპარატი სიდა-ს ყოფილი ხელმძღვანელის ზვიად დევდარიანის მხრიდან სავარაუდო სექსუალური შევიწროების რამდენიმე შემთხვევას ჯერ კიდევ სწავლობს.
სახალხო დამცველის მოადგილის ეკა სხილაძის განცხადებით, საქმეების შესწავლისას ორივე მხარის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს იკვლევენ.
რა დრო დასჭირდება მონაცემების დამუშავებას და იმის დადგენას, ახდენდა თუ არა სიდა-ს ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი ქალების სექსუალურ შევიწროებას, არ არის ცნობილი. ჯერჯერობით, შუალედური დასკვნაც არ არსებობს. შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატში ვერ აკონკრეტებენ, როდის ექნებათ დასკვნა ზვიად დევდარიანის საქმეზე.
ომბუდსმენის აპარატი სავარაუდო სექსუალური შევიწროების ორ შემთხვევას სწავლობს. როგორც აპარატში აცხადებენ, არსებობს ერთი დამატებითი განმცხადებელიც, რომელმაც სახალხო დამცველის აპარატს შევიწროების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა საქმის შესწავლის სურვილი არ ჰქონია.
ამ ეტაპზე, არ სახელდება თარიღი, როდის მოუსმენენ ომბუდსმენის ოფისში ზვიად დევდარიანს.
ზვიად დევდარიანმა დღეს განაცხადა, რომ სამართლებრივ დავას იწყებს.
ქალთა მოძრაობის წარმომადგენლებმა ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.
ამ ბრალდების შემდეგ, დევდარიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობიდან კანდიდატურა მოხსნა და სიდა-ს ხელმძღვანელის თანამდებობაც დატოვა.
ამასთან, ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება ადევნების მუხლით დაიწყო.