სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ აქციაზე დაკავებულების რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ
სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ აქციაზე დაკავებულების რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ

ზუსტი მონაცემები არ გვაქვს, თუმცა ძალიან ბევრი დაკავებული სასამართლოში იმყოფება, – ამის შესახებ პოლიციის მთავარი სამმართველოს დატოვების შემდეგ სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დაკავებულთა მხოლოდ მცირე ნაწილი რჩება სამმართველოში და მათ ამ დრომდე ხვდებიან ომბუდსმენის წარმომადგენლები.

„ვაგროვებთ ყველა ინფორმაციას და ანალიზს გავაკეთებთ. ზუსტი რაოდენობა დაკავებულების შესახებ არ გვაქვს. იზოლატორიდან თითქმის ყველა გადაყვანილია. ინფორმაციის შეგროვების შემდეგ, გავაკეთებთ საერთო ანალიზს”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

შეკითხვაზე დაკავებულთა შორის იყვნენ თუ არა დაშავებულები, სახალხო დამცველის მოადგილის თქმით, მას დაშავებულები არ უნახავს.

ამასთან, სამმართველოსთან პერიოდულად მიდიან მოქალაქეები, რომლებიც საკუთარ ახლობლებს ეძებენ. ერთ-ერთი ქალბატონის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მან დარეკა შსს-ს გენინსპექციის ცხელ ხაზზეც და 112-შიც, შვილის ადგილსამყოფელს ამ დრომდე ვერ მიაგნო.

სახალხო დამცველის მოადგილის თქმით, დაკავებული ახლობლების მოსაძებნად მოქალაქეები ომბუდსმენის აპარატშიც რეკავენ.