სახალხო დამცველის აპარატმა არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე ანგარიში წარუდგინა
სახალხო დამცველის აპარატმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ანგარიში წარუდგინა.
კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის შეფასებისას, ომბუდსმენის აპარატი ბორდერიზაციის, მოსახლეობის თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობისა და საკუთრების უფლების დარღვევებზე მიუთითებს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო დაკავებები, გადაადგილების შეზღუდვა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემები და მძიმე სოციალური მდგომარეობა ყოველდღიურ გამოწვევად რჩება.
ამ მხრივ სახალხო დამცველის აპარატი განსაკუთრებით გალის რაიონს გამოჰყოფს. აპარატში მიიჩნევენ, რომ მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა სოციალური მდგომარეობის შეფასებისა და სოციალური დაცვის პროგრამა უნდა შექმნას, რათა მოწყვლადი ჯგუფების ფინანსური დახმარება მოხერხდეს.
„რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით მივმართეთ ჩვენ საქართველოს მთავრობას და სამინისტროებს რეკომენდაციით, კერძოდ ვფიქრობთ, რომ მთავრობამ უფრო აქტიურად უნდა ითანამშრომლოს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, რათა ამ ტერიტორიებზე ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები, მათი სოციალური პირობები, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, განათლების უფლება უფრო მეტად იყოს დაცული, ასევე ვფიქრობთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმ მოქალაქეების უფლებები, ვინც დაზარალდა კონფლიქტის შედეგად, უფრო აქტიურად მოხდეს მათი ზიანისა და ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება და დროული განხილვა“, – აღნიშნა ომბუდსმენის პირველმა მოადგილემ, თამარ გვარამაძემ.
რეკომენდაციით მთავრობის შესაბამის უწყებებს უკვე მიემართა ომის დროს დაზარალებული სახლების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, რომ მხარი დაუჭირონ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე საომარი მოქმედებებისას დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია ან მიყენებული ზარალის ანაზღაურება უნდა მოხდეს.