სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს სამსახურში სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება დაეკისრათ
სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს სამსახურში კოვიდსაბუთის წარდგენის ვალდებულება დაეკისრათ. ამის შესახებ სახალხო დამცველის ბრძანებაშია აღნიშნული.
„ახალი კორონავირუსის გავრცელების და უმძიმესი ეპიდვითარების გამო, რაც ინდივიდუალურად და კოლექტიურად სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ასევე სახალხო დამცველის აპარატში უსაფრთხო გარემოს შექმნისა და იმ პირთა დაცვის მიზნით, ვისთანაც აპარატის თანამშრომლებს აქვთ ურთიერთობა, სახალხო დამცველმა კოვიდსაბუთის წარდგენის ვალდებულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის ინფორმაციაში.
ბრძანების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატის ყველა თანამშრომელი ვალდებულია წარადგინოს სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან კვირაში ერთხელ, საკუთარი ხარჯით აღებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.
„კოვიდსაბუთის გარეშე სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი არ დაიშვება არც სამსახურში და არც სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად ოფისს გარეთ (გარდა დისტანციურად მუშაობისა); ხოლო, გამოუცხადებლობა ანდა სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობა ჩაითვლება არასაპატიოდ.
გამონაკლისის სახით უნდა აღინიშნოს, რომ იმ თანამშრომლებმა, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვაქცინაზე სამედიცინო უკუჩვენება ან დროებითი უკუჩვენება აქვთ (მათ შორის, „კოვიდ 19“-ით ავადობის შემდგომი პერიოდი), უნდა წარადგინონ ექიმის მიერ გაცემული დოკუმენტი, სადაც პირდაპირ იქნება მითითება ვაქცინაციის ჩატარების შეუძლებლობის შესახებ. ამ შემთხვევაში, სახალხო დამცველის აპარატი, თანამშრომლის მიერ დაკავებული პოზიციის სპეციფიკიდან და სამსახურის საჭიროებებიდან გამომდინარე, იმსჯელებს მისთვის განსხვავებული სამუშაო რეჟიმის დადგენის შესახებ, ანდა დროებითი უკუჩვენების პერიოდში, აპარატის ხარჯით PCR ტესტის ჩატარების თაობაზე.
აქვე უნდა აღნიშნოს, რომ 27 აგვისტოს მდგომარეობით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა 80% ვაქცინირებულია“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის ინფორმაციაში.