სახალხო დამცველი ზვიად დევდარიანის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობიდან კანდიდატურის მოხსნას მიზანშეწონილად მიიჩნევს
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ზვიად დევდარიანის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობიდან კანდიდატურის მოხსნას მიზანშეწონილად მიიჩნევს.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლომჯარიასთვის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ ინფორმაცია კანდიდატის დასახელების შემდეგ გახდა ცნობილი.
„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება „ქალთა მოძრაობის“ განცხადებას, მის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ზვიად დევდარიანის დასახელების შესახებ.
როგორც სახალხო დამცველმა კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, გადაწყვეტილების მიღებისას, მთავარი კრიტერიუმები კანდიდატის დამოუკიდებლობა, გამოცდილება, მოტივაცია და პროფესიული კვალიფიკაცია იყო, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში დღესდღეობით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, სახალხო დამცველისთვის პრიორიტეტული იყო.
ამასთან, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მისთვის ცნობილი არ ყოფილა განცხადებაში ასახული შესაძლო სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ და იგი კანდიდატის დასახელების შემდგომ გახდა ცნობილი.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტები ამ ეტაპზე სამართლებრივად დადასტურებული არ არის, სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს კანდიდატის მიერ გაკეთებულ განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კონკურსიდან კანდიდატურის მოხსნის თაობაზე.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ქალთა უფლებების დაცვა, ძალადობის, სექსუალური შევიწროების თუ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის სხვა ფორმების წინააღმდეგ ბრძოლა სახალხო დამცველისთვის იყო და რჩება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად.
გაჟღერებული ბრალდებების სიმძიმიდან გამომდინარე, სახალხო დამცველისთვის მნიშვნელოვანია, რომ არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები და ამ საკითხზე მსჯელობა წარიმართოს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტით. ბრალდებებში გაჟღერებული ინფორმაციის დადგენამდე დაცული იყოს მხარეთა პირადი ცხოვრების, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის უფლება. სახალხო დამცველი მხარეებს სთავაზობს საკუთარი მანდატის ფარგლებში შეისწავლოს მათ მიერ წარმოდგენილი არგუმენტები.
აღნიშნული შემთხვევა ცხადყოფს, რომ აუცილებელია არსებობდეს სექსუალური შევიწროების რეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემდა მხარეებს დაეცვათ საკუთარი უფლებები და განმეორებით მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, დროულად მოახდინოს სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო რეგულაცია.
ამასთან, სახალხო დამცველი აცხადებს მზადყოფნას, პირადად შეხვდეს მხარეებს და მისი მანდატის ფარგლებში უზრუნველყოს მათი უფლებების დაცვა“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ზვიად დევდარიანი, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარადგინა აცხადებს, რომ საბჭოს წევრობიდან თავის კანდიდატურას ხსნის.
„ქალთა მოძრაობამ“ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც საქართველოს სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მოუწოდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობაზე მის მიერ დასახელებული ზვიად დევდარიანის კანდიდატურა გამოითხოვოს და შეისწავლოს ყველა იმ ქალის ისტორია, რომელიც დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს.
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა-ს ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი დაასახელა.