სახალხო დამცველი - თბილისის უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონში არსებული პირობები მოსწავლეების სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია
თბილისის უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის ინფრასტრუქტურა ვერ აკმაყოფილებს მისაწვდომობის მინიმალურ სტანდარტს და საფრთხის შემცველია მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ამის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშშია ნათქვამი.
ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მოსწავლეების ფიზიკური კონტროლი ადმინისტრაციის ზოგიერთი წევრის მხრიდან უხეში ფორმებით ხორციელდება.
„2018 წელს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა თბილისის N202 საჯარო სკოლის (უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონი) მონიტორინგი განახორციელა. სკოლა სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პანსიონურ მომსახურებას უწევს მხედველობისა და სხვა თანმხლები დარღვევების მქონე ბავშვებს. მონიტორინგმა გამოავლინა რიგი დარღვევები, როგორც ინსტიტუციური მოწყობის, ასევე ხარვეზიანი რეგულაციებისა და მავნე პრაქტიკის არსებობის კუთხით. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს პანსიონური მომსახურებით მოსარგებლე ბავშვთა ცხოვრების პირობები, სადაც მისაწვდომობა, უსაფრთხოება, კვება და სამედიცინო მომსახურება ვერ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად. სკოლაში არ არის დანერგილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ძალადობის პრევენციის სერვისები, ასევე არ არსებობს ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის რესურსი.
დადგინდა, რომ სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს მათი უწყვეტი ვიზუალური და ფიზიკური კონტროლი, რაც ადმინისტრაციის ზოგიერთი წევრის მხრიდან საკმაოდ უხეში ფორმებით ხორციელდება. კრიტიკას ვერ უძლებს საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა, რომელიც ამორტიზებულია, არ აკმაყოფილებს მისაწვდომობის მინიმალურ სტანდარტს და საფრთხის შემცველია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.
სკოლის პერსონალი სათანადოდ არ მუშაობს უსინათლო მოსწავლეთა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განსავითარებლად. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ცოდნა მობილობასა და ორიენტაციაზე, ასევე თეთრ ხელჯოხზე საკმაოდ მწირია. სკოლის მოსწავლეები არ არიან უზრუნველყოფილი შესაბამისი ზომისა თუ მოდიფიკაციის თეთრი ხელჯოხებით და სხვადასხვა დამხმარე საშუალებებით.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ შესწავლილ და გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა რეკომენდაციებით მიმართა პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.