სახალხო დამცველი - სოფელ ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში არსებული მდგომარეობა ბენეფიციარებს ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს
საქართველოს სახალხო დამცველმა სოფელ ქუტირში მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოინახულა, რომელიც 600 პაციენტზეა გათვლილი.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნინო ლომჯარიას დაწესებულებაში სავალალო მდგომარეობა დახვდა.
მათივე ცნობით, საცხოვრებელი ოთახების უმეტესობა ჰიგიენის მინიმალურ ნორმებსაც კი ვერ აკმაყოფილებს.
„ამორტიზებული შენობა, ჩამოყრილი ბათქაში, ჩამსხვრეული მინები, მორყეული კარ-ფანჯარა, მოუწესრიგებელი სველი წერტილები და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები მთლიანი დაწესებულების, განსაკუთრებით კი თავშესაფრის მომსახურებით მოსარგებლე ბენეფიციარებს ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს.
დაწესებულებაში წინა წლებში არსებული მდგომარეობის მსგავსად, კვლავ პრობლემას წარმოადგენს სომატური დაავადებების დროული და ადეკვატური მკურნალობის ხელმიუწვდომლობა, ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია და არანებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენცია.
სამწუხაროდ, პაციენტთა გარკვეული ნაწილი არ საჭიროებს აქტიურ მკურნალობას, მაგრამ წლების განმავლობაში იმყოფება სტაციონარში, მხოლოდ იმიტომ, რომ „წასასვლელი არ აქვს“. ამის ძირითად მიზეზებს წარმოადგენს გაწერილი პაციენტის მხარდამჭერი სისტემის არარსებობა, მატერიალური დაუცველობა, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების არარსებობა, ამბულატორიული ფსიქიატრიული სერვისების გეოგრაფიული ხელმიუწვდომლობა და თემზე დაფუძნებული ფსიქიატრიული სერვისების სიმწირე; ასევე დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო პაციენტთა უნარ-ჩვევების დეფიციტი“,- აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, მათივე ცნობით, ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და 100 ბენეფიციარზე გათვლილი საცხოვრებელი ნაწილი გარემონტებულია.
„სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაუყოვნებლივ შეიმუშაოს და განახორციელოს ფსიქიატრიული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია. ამასთან, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მყოფი პაციენტების მოთავსება ადამიანის ღირსებასთან თავსებად პირობებში“, – აღნიშნულია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.