სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, უზრუნველყოს მომიტინგეთა შესაძლებლობა, თავისუფლად გადაადგილდნენ თელავის მიმართულებით
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს მომიტინგეთა შესაძლებლობა, გადაადგილდნენ თავისუფლად თელავის მიმართულებით, მანიფესტაციის გამართვის მიზნით, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებაშია ნათქვამი.
„აღნიშნული წარმოადგენს მათ კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს კანონით გაუთვალისწინებელი მიზნებით.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის შეკრებისა და მანიფესტაციის შეზღუდვის კანონიერების საკითხს. ამავდროულად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მოქალაქეებს, არ დაარღვიონ კანონმდებლობა, რათა შეკრება და მანიფესტაცია კონსტიტუციურ ფარგლებში წარიმართოს“, – აღნიშნულია ნინო ლომჯარიას განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებს თელავის მიმართულებით გზა გურჯაანთან აქვთ გადაკეტილი და აქციის მონაწილეებს თელავში ჩასვლა ყვარლის გავლით შესთავაზეს, რაზეც მათგან უარი მიიღეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონის გარღვევა ავტომობილებით სცადეს. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სამართალდამცველების ავტობუსს ქვები დაუშინეს. შედეგად, ავტობუსის მინა ჩაიმსხვრა.
ადგილზე იმყოფებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ასევე გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია.
ველისციხესთან კვლავ ხმაურია. აქციის მონაწილეები თელავის მიმართულებით გადაადგილებას ითხოვენ.