სახალხო დამცველი შემოქმედების თავისუფლებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს
პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც კულტურის შესახებ საქართველოს კანონსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებები შედის, სახალხო დამცველი კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ და შემოქმედების თავისუფლების შემზღუდველად აფასებს.
კანონპროექტთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ბოლო მოვლენების, კერძოდ, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის სისხლის სამართლის დანაშაულად მიჩნევის ინიციატივებისა და „აიისას“ საქმის გათვალისწინებით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული ინიციატივების ტენდენცია იკვეთება, რაც უაღრესად სამწუხაროა.
„აღნიშნული კანონპროექტი ძირითადად იმეორებს კანონში უკვე არსებულ ე.წ. „მკვდარი ნორმის“ მოძველებულ და გამოხატვის თავისუფლებასთან შეუსაბამო რედაქციას. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით არცერთი უწყება არაა უფლებამოსილი ხსენებულ ნორმაზე დაყრდნობით შეზღუდოს შემოქმედების თავისუფლება. კანონპროექტის მთავარი სიახლე კი შეზღუდვის ახალი კანონის სახით გაფორმება და აღსრულების მექანიზმზე მითითებაა, რაც უკვე ხელშესახებად და პრაქტიკაში გამოყენებადად აქცევს მას.“ – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.
„კანონპროექტი კი ითვალისწინებს შემოქმედებით პროცესში ჩარევისა და შემოქმედებითი საქმიანობის ცენზურის შესაძლებლობას, რაც წინააღმდეგობაშია კონსტიტუციით დადგენილ აბსოლუტურ აკრძალვასთან. რაც შეეხება შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელებას, კონსტიტუცია ადგენს შეზღუდვის ერთადერთ საფუძველს („სხვათა უფლებები“), თუმცა კანონპროექტი უფრო შორს მიდის და ვრცელ ჩამონათვალს გვთავაზობს, რაც ასევე აცდენილია კონსტიტუციურ სტანდარტს.“-ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, არ მიიღოს კანონპროექტი აღნიშნული სახით და მიიჩნევს, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ტექსტში შემდეგი ცვლილებების შეტანა:
1. ნორმიდან ამოღებული უნდა იქნეს შემოქმედებით პროცესში ჩარევისა და შემოქმედებითი საქმიანობის ცენზურის შესაძლებლობა, როგორც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მყოფი.
2. შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვის საფუძველი არ უნდა გასცდეს კონსტიტუციაში მითითებულ „სხვათა უფლებებს“.
3. კანონმა უნდა მოიცვას „სხვათა უფლებებში“ ნაგულისხმევი საფუძვლების ამომწურავი ჩამონათვალი, რათა შესაბამისობაში მოვიდეს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით დადგენილ სტანდარტებთან.
4. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი უნდა იყოს პირდაპირ მიმართული ლეგიტიმური მიზნის განხორციელებისკენ, კრიტიკულად აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის, არადისკრიმინაციული, პროპორციულად შემზღუდველი.
5. „კულტურის შესახებ“ კანონში პირდაპირ უნდა აისახოს უფლების შეზღუდვის ტესტი, რისი მაგალითებიც არსებობს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონსა და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში.