საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტის წევრების ავტორობით მომზადებულ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონის პროექტს და თანმდევ ცვლილებებს ეხმიანება.
კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილებები კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზებას ისახავს მიზნად. ნინო ლომჯარია მიესალმება ამ პროცესს, თუმცა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით ადგილი აქვს პირთა ფართო წრის მიმართ მშვიდობიანი შეკრების უფლების აბსოლუტურ აკრძალვას, რაც აუარესებს უფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო პრინციპებს.
სახალხო დამცველის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოების შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი კი განმარტავს ტერმინს „თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს მოსამსახურე“ და გვთავაზობს კონკრეტული ორგანოების ვრცელ ჩამონათვალს. ცვლილებებით ფართოვდება პირთა წრე, რომელზეც ვრცელდება მშვიდობიანი შეკრების უფლების აბსოლუტური აკრძალვა.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის მე–2 პუნქტის დღეს მოქმედი რედაქცია შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობის უფლებას უკრძალავს შეიარაღებული ძალების, შეიარაღებული სამართალდამცავი ორგანოების, სპეციალური და გასამხედროებული დაწესებულების მოსამსახურეებს. ამ პირთა წრისათვის მშვიდობიანი შეკრების უფლების აბსოლუტური აკრძალვა არაერთხელ გამხდარა საქართველოს სახალხო დამცველისა და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის (ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად) მწვავე კრიტიკის საგანი. კერძოდ, ვენეციის კომისია ამ საკითხს უარყოფითად გამოეხმაურა 2011 წლის მოსაზრებაში, სადაც ის აფასებდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებს.
ვენეციის კომისია განმარტავს, რომ მართალია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე–11 მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს შეიარაღებული ძალების, პოლიციის ან სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ შეკრების თავისუფლების უფლების განხორციელებაზე „კანონიერი შეზღუდვების“ დაწესების შესაძლებლობას, მიუხედავად ამისა, ეს შეზღუდვები უნდა დაწესდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და პროპორციულობის პრინციპის დაცვით. უფრო მეტიც, ვენეციის კომისიის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ერთობლივ სახელმძღვანელო პრინციპებში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობით არ უნდა შეიზღუდოს პოლიციის ან სამხედრო პერსონალის შეკრების თავისუფლება, თუ შეზღუდვის მიზეზები პირდაპირ არ უკავშირდება მათ სამსახურებრივ მოვალეობებს და მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს აბსოლუტურად აუცილებელია პროფესიული მოვალეობის გათვალისწინებით. ამასთან, შეზღუდვა უნდა დაწესდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც შეკრებაში მონაწილეობა ეჭვქვეშ აყენებს პოლიციის ან სამხედრო პერსონალის ნეიტრალურობის შენარჩუნების შესაძლებლობას საზოგადოების ყველა ჯგუფისათვის სამსახურის გაწევისას.
დისკრიმინაციის აკრძალვა OSCE/ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის სახელმძღვანელო პრინციპებიდან ერთ-ერთია. ამ პრინციპის მიხედვით, აბსოლუტური აკრძალვა არ შეიძლება დაწესდეს პოლიციისა და სამხედრო პერსონალზე მშვიდობიანი შეკრების უფლებასთან მიმართებით. სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით ყველა თანაბრად უნდა სარგებლობდეს.
წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი არა თუ ხელმძღვანელობს ზემოაღნიშნული სტანდარტით, არამედ გვთავაზობს სახელმწიფო ორგანოების ვრცელ ჩამონათვალს, რომლებშიც დასაქმებულ პირებზე ვრცელდება მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვა. მათ შორისაა, მაგალითად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურე, საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის მოსამსახურე და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურე. ისმის კითხვა, თუ რამდენად გამართლებულია ამ პირთა წრისათვის მშვიდობიანი შეკრების უფლების აბსოლუტური აკრძალვა, იმ პირობებში, როდესაც ცალსახად არ დგინდება მათი უშუალო პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე.
ამასთან, უკვე წლებია ფუნდამენტურ პრობლემას წარმოადგენს მთელ რიგ ორგანოებში სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე უშუალოდ პასუხისმგებელი პირებისა და ამავე დაწესებულებაში დასაქმებული სამოქალაქო პერსონალის გამიჯვნის საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაუმართლებლად ფართოა იმ პირთა წრე, რომელზეც ვრცელდება მშვიდობიანი შეკრების უფლების ბლანკეტური აკრძალვა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზების პროცესში განხორციელდეს მსგავსი გამიჯვნა, რაც გამოასწორებს დღეს არსებულ ხარვეზს და დაადგენს უფლების დაცვის მაღალ სტანდარტს.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს გაითვალისწინოს სახალხო დამცველის მოსაზრებები და გამოთქვამს მზადყოფნას აქტიური მონაწილეობა მიიღოს ცვლილებების საკანონმდებლო განხილვის შემდგომ პროცესში“,- აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.