სახალხო დამცველი პროკურატურასა და შსს-ს მოუწოდებს, გამოავლინონ სავარაუდო ძალადობრივი ჯგუფების მოქმედებებზე მთავარი პასუხისმგებელი პირები და მათ მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა
სახალხო დამცველი პროკურატურასა და შსს-ს მოუწოდებს, გამოავლინონ სავარაუდო ძალადობრივი ჯგუფების მოქმედებებზე მთავარი პასუხისმგებელი პირები და მათ მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი თბილისში 5 და 6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში სახალხო დამცველის აპარატი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მოუწოდებს, უმოკლეს ვადებში, გამოავლინონ სავარაუდო ძალადობრივი ჯგუფების მოქმედებებზე მთავარი პასუხისმგებელი პირები და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყონ, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ კი, საზოგადოების პროაქტიული დეტალური ინფორმირება მოახდინონ.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველი ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ეფექტიანი გამოძიება ჩაატაროს ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე.

„2021 წლის 12 ივლისის მდგომარეობით შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას არც ერთი პირი არ მიუცია სისხლის სამართლის პასუხისგებაში 5 და 6 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ორგანიზებისთვის. უფრო მეტიც, ძალადობისთვის ცალკეული პირების დაკავების შესახებ ცნობების გარდა, საზოგადოებას დღემდე არა აქვს სრულფასოვანი ინფორმაცია ხედავს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო განვითარებულ მოვლენებში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ნიშნებს.

5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებებიდან ირკვევა, რომ გამოძიება მიმდინარეობს მხოლოდ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტებზე. თუმცა, არაფერია ნათქვამი იმაზე, იძიებს თუ არა საგამოძიებო უწყებები ამ ძალადობრივი მოვლენების შესაძლო ორგანიზების მიმართულებას.

5-6 ივლისის მოვლენებს წინ კონკრეტული პირების მხრიდან ძალადობისკენ და ამ მიზნით საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მობილიზებისკენ საჯარო მოწოდებები უსწრებდა. ძალადობისკენ არაერთი მოწოდება გაისმა უშუალოდ 5-6 ივლისსაც, მათ შორის, სასულიერო პირების მხრიდან.

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებები წინასწარ იყო განჭვრეტადი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ გაატარა ეფექტური პრევენციული ღონისძიებები ძალადობის თავიდან არიდების მიზნით, ხოლო დანაშაულებრივ ფაქტებზე დღემდე არ მოახდინა სრულფასოვანი და ადეკვატური რეაგირება.

2021 წლის 5-6 ივლისს ვადევნებდით თვალს, თუ როგორ კოორდინირებულად გადაადგილდებოდნენ ძალადობრივი ჯგუფები, იცოდნენ პირთა სხვადასხვა ლოკაციის შესახებ, ასევე სხვადასხვა ჩანაწერში ისმოდა ორგანიზატორთა მოწოდებები, რომ მათ შეეძლოთ მოძალადე ჯგუფების გაკონტროლება (შეჩერება ან გარკვეული მიმართულებით დაძვრა).

ძალადობრივი მოვლენების მასშტაბურობა, ქმედებების ინტენსიურობა და სიმძიმე, ძალადობის ჯგუფური ხასიათი, კონკრეტული პირების მოწოდებები, დაზარალებულ მოქალაქეთა და მოძალადე პირთა რაოდენობა, ცალსახად მიუთითებს, რომ სახეზეა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების შესაძლო ნიშნები. შესაბამისად, გამოძიება სხვა მუხლებთან ერთად, უნდა გაგრძელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება და სხვა.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, უმოკლეს ვადებში, პრიორიტეტულად, გამოავლინონ სავარაუდო ძალადობრივი ჯგუფების მოქმედებებზე მთავარი პასუხისმგებელი პირები და დაიწყონ მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ კი, მოახდინონ საზოგადოების პროაქტიული დეტალური ინფორმირება.

ასევე, სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე, რომელიც სწორედ 5-6 ივლისის ძალადობრივი თავდასხმების ერთ-ერთი მსხვერპლი იყო და დაადგინოს მიზეზშედეგობრივი კავშირი ალექსანდრე ლაშქარავას სხეულის დაზიანებებს, ფსიქოლოგიურ-ემოციურ სტრესსა და დამდგარ შედეგს შორის.

სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს 5 და 6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებული გამოძიების მონიტორინგს, დამატებით დეტალურად გაანალიზებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედებებს და საზოგადოებას წარმოუდგენს შეფასების შედეგებს“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.