სახალხო დამცველი - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან რამდენიმე პატიმრის შეწყალებისას სახეზეა სიცოცხლის უფლების დარღვევა
სახალხო დამცველი - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან რამდენიმე პატიმრის შეწყალებისას სახეზეა სიცოცხლის უფლების დარღვევა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი აპარატი მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან რამდენიმე პატიმრის შეწყალებისას სახეზეა სიცოცხლის უფლების დარღვევა. პატიმართა შეწყალებაზე ომბუდსმენი 2019 წლის ანგარიშში საუბრობს, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა 34 პირი შეიწყალა, რომელთაგან 31 შეწყალებულ პირთა შორის იყვნენ მსჯავრდებულები, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ განზრახ მკვლელობისთვის და მათ მნიშვნელოვან ნაწილს მსჯავრის ძირითადი ნაწილი მოუხდელი ჰქონდა.

„პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების სამართლიანი პროტესტი მოჰყვა. სახალხო დამცველმა მოუწოდა პრეზიდენტს, საზოგადოებისთვის მიეწოდებინა დეტალური ინფორმაცია შეწყალების მოტივაციის შესახებ, თუმცა შესაბამისი დასაბუთება ამ დრომდე არ ყოფილა წარმოდგენილი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, შეწყალების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში პრეზიდენტი აბსოლუტური დისკრეციით სარგებლობს, აღსანიშნავია ამ პროცესის მჭიდრო კავშირი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების პროცედურულ ასპექტთან. ევროპული სასამართლოს განმარტებით, სიცოცხლის უფლება დარღვეულად მიიჩნევა, თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები არაგონივრულ ლმობიერებას გამოიჩენენ მკვლელობისთვის მსჯავრდებულ პირთა მიმართ, რაც მათ ფაქტობრივ დაუსჯელობაში გამოიხატება. იქიდან გამომდინარე, რომ ზემოხსენებული შეწყალებული პირები საქართველოს პრეზიდენტმა სასჯელის არსებითი ნაწილის მოუხდელად გაათავისუფლა, სახეზეა სიცოცხლის უფლების დარღვევა“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.