სახალხო დამცველი მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, დუისში მომხდარი ფაქტი ოპერატიულად გამოიძიოს
სახალხო დამცველი მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, დუისში მომხდარი ფაქტი ოპერატიულად გამოიძიოს

სახალხო დამცველი მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, დუისში მომხდარი ფაქტი, სადაც სახლის ჩხრეკისას 19 წლის ახალგაზრდა დაიჭრა, ოპერატიულად გამოიძიოს.

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებით ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისში ერთ-ერთ სახლში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, თ.მ. სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ხელყუმბარის აფეთქებას შეეცადა, რის შემდეგაც მოხდა გასროლა და ახალგაზრდა მამაკაცი თავის არეში დაიჭრა.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი დაჭრილის ოჯახის წევრებს თელავის საავადმყოფოში ესაუბრა, სადაც თ.მ.-ს ოპერაცია უტარდება. სახალხო დამცველის წარმომადგენელთან საუბრისას ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ სამართალდამცავებმა მძინარე თ.მ.-ს საძინებელ ოთახში შესვლისთანავე ესროლეს, შედეგად, სისხლიანია მისი საწოლი და ბალიში. ოჯახის წევრთა თქმით, ხელყუმბარაც სამართალდამცავებს ეკუთვნოდა.

გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახის წევრებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავია, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, ოპერატიულად გამოიძიოს აღნიშნული შემთხვევა, დაადგინოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი სამართალდამცველთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებას, არ დატოვოს პასუხგაუცემელი კითხვა, რომელიც შესაძლოა საზოგადოებას ლეგიტიმურად მიაჩნდეს. მნიშვნელოვანია, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის პროცესში დაცული იყოს ასევე, მოქალაქეთა – სავარაუდო ეჭვმიტანილთა უფლებები. უპასუხოდ დარჩენილი კითხვები ხელს არ შეუწყობს სამართალდამცველთა მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას.

სახალხო დამცველის აპარატის კახეთის ოფისის თანამშრომელი ასევე შეხვდა საავადმყოფოს დირექტორს და მიიღო ინფორმაცია დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სახალხო დამცველი თვალყურს მიადევნებს გამოძიების მიმდინარეობის პროცესს“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის ინფორმაციაში.

სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების , ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა.

თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინაარმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან  მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.