სახალხო დამცველი - მისასალმებელია, რომ ეროვნული უმცირესობების ინფორმირების მიმართულებით საზოგადოებრივ მაუწყებელზე უმნიშვნელოვანესი პროცესი დაიწყო
მისასალმებელია, რომ ეროვნული უმცირესობების ინფორმირებისა და ეროვნული უმცირესობების შესახებ ქვეყნის მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდების მიმართულებით საზოგადოებრივ მაუწყებელზე უმნიშვნელოვანესი პროცესი დაიწყო, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
„წინა წლების მსგავსად, 2016 წლის სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში ასახული რიგი რეკომენდაციები ეხებოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ეროვნული უმცირესობების ინფორმირებისა და ეროვნული უმცირესობების შესახებ ქვეყნის მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდების საკითხებს“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.
ომბუდსმენი მიესალმება ეროვნული უმცირესობების თემატიკის გაშუქების მიზნით საზოგადოებრივ მაუწყებელში დაწყებულ პროცესს და მიიჩნევს, რომ ამ პროცესის წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციული ვაკუუმის აღმოფხვრას.
„მისასალმებელია, რომ ამ მიმართულებით 2017 წელს უმნიშვნელოვანესი პროცესი დაიწყო საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ეროვნული უმცირესობების თემატიკის რეგულარული გაშუქების მიზნით შეიქმნა მედიასტრატეგია, ჩამოყალიბდა ეროვნული და რელიგიური უმცირესობების საბჭო. ამასთან, დაიწყო სომხურ და აზერბაიჯანული ტელე და რადიომაუწყებლობის ჩამოყალიბება და ასევე ეროვნული უმცირესობების თემატიკის უფრო ფართო გაშუქება. ამ პროცესის წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციული ვაკუუმის აღმოფხვრას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.