სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტზე გამოძიება არაეფექტიანი იყო
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით არაეფექტიანი იყო, ასევე გამოვლინდა მრავალი ხარვეზი.
ომბუდსმენი ხორავას ქუჩის საქმეს 2018 წლის წლიურ ანგარიშში მიმოიხილავს, რომელიც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილმა განაჩენმა, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის ფაქტზე დაადასტურა, რომ გამოძიებამ ვერ გამოავლინა ყველა დამნაშავე.
„ჩაუტარებელი ან დაგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და კომისიის სხდომაზე დაკითხვისას გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ საგამოძიებო ტაქტიკაზე გაცემული პასუხების ერთობლივი ანალიზით სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ გამოძიების ტაქტიკა შესაძლოა, არ ემსახურებოდა დამნაშავეთა გამოვლენის საჯარო ინტერესს. სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირთა წრის მიერ კომისიის სხდომაზე გაცემული პასუხები არ იყო დასაბუთებული შემდეგ შეკითხვებზე: რატომ არ ჩაატარა, ან რატომ ჩაატარა გამოძიებაზე პასუხისმგებელმა პირებმა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები დაგვიანებით. რატომ არ ჩაატარა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები გამოძიებამ მთავარი მოქმედი პირების მიმართ, რომელიც, მეორე მხრივ, ჩაატარა სხვა პირების და მათ შორის, სხვა შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი მოქმედი პირების მიმართ. სახალხო დამცველის აპარატისთვის გაუგებარი იყო, რა კონკრეტული სტრატეგია და ლეგიტიმური მიზანი განაპირობებდა გამოძიების პასიურობას სხვადასხვა მიმართულებით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის აპარატის შემოწმების შედეგებით გამოიკვეთა, რომ სახეზე იყო სამოხელეო დანაშაულის ერთ-ერთი ან ორივე შემადგენლობა: სამსახურებრივი გულგრილობა, ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, იმის მიხედვით სუბიექტური მხარის რა ნიშნები იკვეთება ქმედებათა უკან – განზრახ არაეფექტიანი გამოძიება თუ გაუფრთხილებლობა, არაპროფესიონალური მიდგომა ან ზერელე დამოკიდებულება დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესასრულებლად.
„მას შემდეგ რაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა დასრულდა, რომლის შედეგადაც პარლამენტმა კენჭი უყარა დადგენილებას და შესაბამისი რეკომენდაციები წარედგინა პროკურატურას, სახალხო დამცველმა კვლავ მოითხოვა მიმდინარე გამოძიების მასალების გაცნობა, რათა შეეფასებინა, გარდაცვლილი დ. ს.-ის მკვლელობის მონაწილე ყველა პირის მიმართ დამატებით რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მანამდე გამოხატული მიდგომისგან განსხვავებით, უარი განაცხადა საქმის მასალების გაცნობაზე შესაბამის საკანონმდებლო ნორმაზე მითითებით. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის წინადადებები და რეკომენდაციები პროკურატურას არც ერთ ეტაპზე არ გაუთვალისწინებია და გამოძიებაში დაშვებული არსებითი შეცდომების მიმართ მხოლოდ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო, რამდენადაც აღნიშნული ხარვეზები, მიუხედავად მათი შედეგებისა, არ მიიჩნია დანაშაულად. შემოწმება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მასზე წარმოება არ დასრულებულა. საქართველოს სახალხო დამცველმა 2018 წლის პირველ დეკემბერს განცხადება გაავრცელა სამსახურეობრივი შემოწმების შედეგების საზოგადოებისთვის, ხოლო საქმის მასალების – სახალხო დამცველის აპარატისთვის გაცნობის მოთხოვნით, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ეს რეკომენდაცია გაუთვალისწინებიათ“, – აღნიშნულია ანგარიშში.