სახალხო დამცველი - მეტროს მემანქანეთა საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილება შრომითი უფლებებისათვის საზიანო და საშიში პრეცედენტია
სახალხო დამცველი მეტროს მემანქანეთა გაფიცვის შეზღუდვას ეხმაურება.
ომბუდსმენის განცხადების თანახმად, რომ მეტროს მემანქანეებმა გაფიცვა 2018 წლის 3 მაისს დაგეგმეს, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაფიცვა მაქსიმალური ვადით – 30 დღით გადავადდა. გაფიცვის დაწყების ახალ თარიღად 3 ივნისი გამოცხადდა, თუმცა, ამჯერად, სასამართლომ მეტროს მემანქანეებს განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა გაფიცვა „სამუშაო საათებში“.
„პირველ რიგში, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ გაფიცვა წარმოადგენს დასაქმებულის დროებით ნებაყოფლობით უარს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე. სამუშაო საათების შემდეგ, შრომითი ვალდებულებები დასაქმებულებს არც ეკისრებათ, რის გამოც „სამუშაო საათების შემდეგ“ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობასა და გაფიცვაზე საუბარი სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია. გარდა ამისა, ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“ გაფიცვის მხოლოდ ერთჯერადად, მაქსიმუმ 30 დღის ვადით გადადების შესაძლებლობას ითვალისწინებს. ორგანული კანონი უფრო მაღალი სამართლებრივი ძალის მქონე აქტია და ამავდროულად შეიცავს სპეციალურ ნორმებს უშუალოდ გაფიცვის საკითხთან დაკავშირებით. სასამართლომ ამ საკითხზე საერთოდ არ იმსჯელა და მიღებული გადაწყვეტილებით კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გაფიცვის პრაქტიკაში რეალიზებას, ერთგვარად ილუზორულ და განუხორციელებელ უფლებად აქცევს მას“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობაზე კითხვები ჩდება. ასევე ომბუდსმენს მიაჩნია, რომ მეტროს მემანქანეებისათვის გაფიცვის უფლების განუსაზღვრელი ვადით შეზღუდვა წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არღვევს გაფიცვის უფლების არსს.
„გადაწყვეტილებაში საუბარია გაფიცვის 30 დღის ვადით გადადების განჩინების ზედა ინსტანციის სასამართლოს მიერ გაუქმებისა და მეტროპოლიტენის პარალიზების ალბათობაზე, რაც სრულიად უგულებელყოფს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სავალდებულოობის პრინციპს და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლე სწორედ სააპელაციო სასამართლოს არასასურველი გადაწყვეტილების შედეგების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად“, – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.