სახალხო დამცველი მედიასაშუალებებს მიმართავს, დაიცვან ეთიკის სტანდარტები და თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ფეიკნიუსების გავრცელება უარყოფითად აისახება დემოკრატიულ პროცესებზე.
მისი თქმით, ფეიკნიუსების საკითხი არ არის სახალხო დამცველის კომპეტენცია, თუმცა მედიასაშუალებებს მიმართავს, დაიცვან ეთიკის სტანდარტები და თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
„ფეიკნიუსების საკითხი ნამდვილად არ არის სახალხო დამცველის კომპეტენცია, თუმცა დაგეთანხმებით, რომ ზოგადად ადამიანის უფლებების საკითხებზე და დემოკრატიულ პროცესებზე უარყოფითად აისახება ზოგადად ფეიკნიუსების გავრცელება, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში. ვფიქრობ, ალბათ ყველა საჯარო პირი მეტ-ნაკლებად გამხდარა მსგავსი ტიპის დეზინფორმაციის მსხვერპლი, ფეიკნიუსის თუ ასე ვთქვათ, მაკომპრომეტირებელი კამპანიის. მაგალითად, შემიძლია გითხრათ, რომ სახალხო დამცველის წინააღმდეგ მუდმივად მიმდინარეობს ორგანიზებული დეზინფორმაციის კამპანია. მაგალითად, სახალხო დამცველის განცხადებები მახინჯდება და არასწორი ფორმით ხდება მისი ორგანიზებულად და სისტემურად გავრცელება და ეს, რა თქმა უნდა, ნამდვილად უარყოფითად აისახება ჩვენს საქმიანობაზეც და იმიჯზე, საზოგადოება შედის შეცდომაში და ზოგადად, ეკარგება ნდობა ინსტიტუტის მიმართ, რომელმაც უნდა დაიცვას მათი უფლებები. ამიტომ, პირადად მე ძალიან უარყოფითად ვარ განწყობილი ნებისმიერი ფეიკნიუსის მიმართ, ვის მიმართაც არ უნდა იყოს ეს გავრცელებული და რა თქმა უნდა, ჩემი მოწოდება შეიძლება, იყოს მხოლოდ მედიასაშუალებების მიმართ, დაიცვან ეთიკის ნორმები, სტანდარტები და მაქსიმალურად შეიკავონ თავი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, თუ ცრუ ბრალდებებისგან“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.