საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში ჩავიდა, სადაც ცხინვალის რეგიონში ათდღიანი უკანონო თავისუფლების აღკვეთის შემდეგ გათავისუფლებულ მაია ოთინაშვილს შეხვდა. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ნინო ლომჯარიამ მას გათავისუფლება და სახლში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა. საუბრისას ნინო ლომჯარია განსაკუთრებით დაკავების დეტალებით, პატიმრობის პირობებითა და მოპყრობით დაინტერესდა. სახალხო დამცველმა ის ადგილი დაათვალიერა, საიდაც მაია ოთინაშვილი ოსმა ე.წ. მესაზღვრეებმა 29 სექტემბერს გაიტაცეს.
სახალხო დამცველი ასევე შეხვდა 87 წლის დავით ვანიშვილს, რომლის საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი მცოცავი ანექსიის შედეგად მავთულხლართს მიღმა დარჩა. მისი თქმით, იგი სრულ მარტოობაში ცხოვრობს ავადმყოფ მეუღლესთან ერთად, რომელთანაც ვერ ხერხდება ექიმის შეყვანა. იზოლაციის გამო, მოხუცი ცოლ–ქმარი ვერც საქართველოს მოქალაქეთათვის განკუთვნილი სერვისებით სარგებლობენ.
სახალხო დამცველი გეგმავს, მიმართოს საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტს, რათა მავთულხლართს მიღმა დარჩენილ ოჯახს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიონ.