სახალხო დამცველი - კონტრაქციის მონაწილეთა მხრიდან გამოიკვეთა არაერთი სამართალდარღვევა, რაც საგამოძიებო ორგანოების ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს
საქართველოს სახალხო დამცველი გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ კონტრაქციის მონაწილეთა მხრიდან არაერთი სამართალდარღვევა გამოიკვეთა, რაც საგამოძიებო ორგანოთა მხრიდან დროულ და ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს.
ამასთან, სახალხო დამცველი აცხადებს, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ძალადობრივი ქმედებები საჯარო განცხადებებით უნდა დაიგმოს.
„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 2019 წლის 14 ივნისს ლგბტ თემის წარმომადგენლების და მათი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული აქციის მიმდინარეობისას განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის, კონტრაქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ინციდენტებსა და მოწოდებებს.
მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, ასევე აქციის მიმდინარეობის ადგილზე დაკვირვებით, გამოიკვეთა კონტრაქციის მონაწილეთა მხრიდან ჩადენილი არაერთი სამართალდარღვევა, რაც საგამოძიებო ორგანოთა მხრიდან დამატებით დროულ და ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს.
კერძოდ, ადგილი ჰქონდა: ჟურნალისტებზე თავდასხმასა და მათი პროფესიული საქმიანობის ხელშეშლას; ძალადობის და ფიზიკური შეურაცხყოფის მუქარას აქციის მონაწილეთა მიმართ; სახალხო დამცველის მოადგილეზე თავდასხმის მცდელობას და ძალადობის მუქარას.
სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების დაგმობას საჯარო განცხადებებით; მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ რომელიმე ჯგუფის დამამცირებელი მოპყრობა, მათ მიმართ ძალადობის წახალისება დაუშვებელია. ტოლერანტობა და განსხვავებულის პატივისცემა არის ის ფუნდამენტი, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციურ სამართლებრივი წესრიგი, რასაც საფრთხეს უქმნის მსგავსი ჯგუფების გაძლიერება“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.