სახალხო დამცველი იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს, მე-17 დაწესებულებაში ე.წ. ბარაკის ტიპის საცხოვრებლები გაუქმდეს
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული პირობები მნიშვნელოვან გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგებას კვლავ საჭიროებს.
სახალხო დამცველი პატიმართა პირობებზე 2019 წლის ანგრიშში საუბრობს, რომელიც პარლამენტს წარედგინა. ანგარიშში ნათქვამია, რომ დადებითად უნდა შეფასდეს 2019 წლის 12 თებერვალს მე-12 დაწესებულების ახალ შენობაში გადასვლა.
„ამის მიუხედავად, რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული პირობები კვლავაც საჭიროებს მნიშვნელოვან გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგებას. 2019 წლის განმავლობაში პრობლემური იყო საკნებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები, ვენტილაცია, განათება და ყველა მსჯავრდებულისათვის 4 კვ.მ. მინიმალური ფართით უზრუნველყოფის საკითხი. ეს უკანასკნელი პრობლემური იყო მეორე, მერვე, მე-14, მე-15 და მე-17 პენიტენციურ დაწესებულებებში. გარდა ამისა, მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში დღემდე არ გაუქმებულა ე.წ. ბარაკული ტიპის საცხოვრებლები“, – აღნიშნულია ანგარიშში.
სახალხო დამცველი იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს, მე-17 დაწესებულებაში ე.წ. „ბარაკის“ ტიპის საცხოვრებლები გაუქმდეს. ასევე სამინისტროს მიმართავს, თითოეული პატიმრის 4 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებლად უზრუნველყოს – მეორე, მერვე, მე-14, მე-15, მე-17 დაწესებულებებში მყოფი პატიმრების საკნებში თანაბარი გადანაწილება და გადაყვანა იმავე ტიპის სხვა დაწესებულებებში, პატიმართა საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინებით.