სახალხო დამცველი გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, აფგან მუხთარლის გამოძიებაზე საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია
სახალხო დამცველი გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, აფგან მუხთარლის გამოძიებაზე საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია.
ომბუდსმენი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს გასული წლის წლიურ ანგარიშში მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება გამოძიების დროულად და ეფექტიანად მიმდინარეობასთან დაკავშირებით წარმოშობს ნდობას და ეჭვს გააქარწყლებს, რომ საქართველომ თვალი დახუჭა, ან გულგრილად მოეკიდა ჟურნალისტის გაუჩინარებას.
„სამწუხაროდ, თბილისის ცენტრიდან აფგან მუხთარლის გაუჩინარებიდან თითქმის ორი წლის გასვლის შემდეგაც, მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, გამოძიება კვლავ არ მისულა კონკრეტულ შედეგებამდე. როგორც გასული წლის საპარლამენტო ანგარიშში აღინიშნა, გარკვეული კითხვები გააჩინა საქმის ფარგლებში მოპოვებული ცალკეული ვიდეომასალის ავთენტურობამ, თუმცა, საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, ჯერ კიდევ არ მიუღიათ საქმეში არსებულ ვიდეომასალაზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნები. ამასთან, ჟურნალისტისთვის დღემდე არ მიუნიჭებიათ დაზარალებულის სტატუსი, უწყებას აზერბაიჯანის რესპუბლიკისგან არ მიუღია პასუხი სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე გაგზავნილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, ხოლო გამოძიების ფარგლებში არ გამოკვეთილა ისეთი დამამძიმებელი გარემოებების არსებობა, როგორებიცაა თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ, დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით ან დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რის გამოც, გამოძიება კვლავ სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ანგარიშში.