სახალხო დამცველი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქციის მონაწილეების დაკავებას ეხმაურება
საქართველოს სახალხო დამცველი 18 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს შეკრების მონაწილეების დაკავების ფაქტს ეხმაურება.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აპარატმა უკვე დაიწყო დაკავების კანონიერების საკითხის შესწავლა.
„სახალხო დამცველის რწმუნებულმა გუშინვე მოინახულა თბილისის და რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებული შვიდი დაკავებული, მათ შორის, ვარლამ გოლეთიანი. შემაშფოთებელია, რომ დაკავებულთა შორის არის ჟურნალისტი რატი რატიანიც, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების დროს პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა. სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა. მედიის წარმომადგენლის დაკავება თავისი საქმიანობის განხორციელებისას, გარდა იმისა, რომ წარმოადგენს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას, შესაძლოა, იქონიოს მსუსხავი ეფექტი შეკრებების დროს შესაბამისი ინფორმაციის გაშუქებაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ ფაქტზე სპეციალური საგამოძიებო ორგანოს ფარგლებში მოხდეს დროული რეაგირება. საგულისხმოა, რომ აქციის მონაწილეთა პროტესტის საგანს წარმოადგენს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია, რომელიც 2022 წლის მარტში გაიცა. გარემოს დაცვის უფლებაზე ზედამხედველობა სახალხო დამცველის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. უნდა აღინიშნოს, რომ აპარატი თვალყურს ადევნებს ხსენებულ ლიცენზიასთან დაკავშირებით მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს და საკითხის შესწავლის შედეგებს საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობს“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს რატი რატიანი, ხოლო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე“.