სახალხო დამცველი გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კომიტეტის სესიაზე მოხსენებით წარდგა
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კომიტეტის მე-20 სესიას დაესწრო და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის (GANHRI) სახელით მოხსენებით გამოვიდა. ღონისძიება შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართა.
სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, ღონისძიება მიზნად ისახავდა გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის მიღების და შესაბამისი კომიტეტის საქმიანობის 10 წლის აღნიშვნას, მიღწეული შედეგების, არსებული გამოწვევებისა და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის წარმატებული მაგალითების განხილვას.
საქართველოს სახალხო დამცველმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის განხორციელების პროცესში კომიტეტის და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის (GANHRI) თანამშრომლობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ არსებული გამოწვევები მტკიცე თანამშრომლობითა და ერთობლივი ძალისხმევით იქნება დაძლეული.
ნინო ლომჯარიამ ასევე ისაუბრა საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც გაეროს შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის მონიტორინგის ორგანოს საქმიანობაზე და აღნიშნა, რომ კომიტეტის მიერ მომზადებული სახელმძღვანელო პრინციპები კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო როგორც მონიტორინგის ორგანოს შექმნის, ასევე ალტერნატიული ანგარიშის მომზადების პროცესში.
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები, გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი შეზღუდული შესაძლებლობების და ხელმისაწვდომობის საკითხებში, გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე, ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის და შეზღუდული შესაძლებლობების საერთაშორისო ალიანსის წარმომადგენლები.
2016 წლიდან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის (GANHRI) ბიუროს სრულუფლებიანი წევრია.