სახალხო დამცველი ტექდათვალიერებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე განცხადებას ავრცელებს
სახალხო დამცველი ავტოტრანსპორტის ტექდათვალიერებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს განცხადებით ეხმიანება. ნინო ლომჯარია ავტოტრანსპორტის ტექდათვალიერების გადავადებას უარყოფითად აფასებს.
„საზოგადოებაში ყოველდღიურად სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს ჰაერის დაბინძურების პრობლემა, რომელიც უარყოფითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების სამ უმთავრეს წყაროს შორისაა ტრანსპორტის სექტორი. ამ კონტექსტში, არსებობდა მაღალი მოლოდინები 2017 წლის 31 დეკემბრიდან ყველა სახის ავტოტრანსპორტის ე.წ. ტექდათვალიერების შემოღებასთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებითა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი რეგლამენტით, აღნიშნული საკითხები კვლავ გადავადდა რამდენიმე წლით, რაც არ შეესაბამება ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ინტერესებს.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონიდან ამოღებულ იქნა ჩანაწერი, რომლითაც ყველა ავტოტრანსპორტის ე.წ. ტექდათვალიერება 2017 წლის 31 დეკემბრიდან უნდა დაწყებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული თარიღის განსაზღვრის უფლებამოსილება საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობისათვის არ გადაუცია, მთავრობამ 2017 წლის პირველ დეკემბერს უკვე დაამტკიცა ახალი რეგლამენტი და მიუთითა ახალი თარიღები, რაც პრობლემურია. აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში უკვე მეოთხეჯერ გადაიწია ავტოტრანსპორტის ე.წ. ტექდათვალიერების ამოქმედებამ. კერძოდ, მთავრობის მიერ მიღებული რეგლამენტის მიხედვით, 2020 წლის პირველი იანვარი განისაზღვრა იმ თარიღად, როდესაც ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას (მცირე გამონაკლისის გარდა) გავლილი უნდა ჰქონდეს ე.წ. ტექდათვალიერება.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჰაერის დაბინძურების კონტექსტში, რამდენიმე მნიშვნელოვან პარამეტრს ამ პერიოდში ჩატარებული შემოწმებისას არ მიექცევა ყურადღება, რაც საკითხის კიდევ უფრო შორეულ პერსპექტივაში გადადებას გულისხმობს. მაგალითად, 2020 წლის პირველ იანვრამდე პირველი ინსპექტირების ჩატარებისას არ იმოქმედებს ტექნიკური რეგლამენტის ის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც: „დაუშვებელია გაჟონვა ნამწვი აირების გამონაბოლქვის სისტემის ელემენტების დაზიანებული ან შეერთების ადგილებიდან, ხოლო კატალიზური კონვერტორებით აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებებზე დაუშვებელია ნამწვი აირების ატმოსფეროში გამოყოფა კატალიზური კონვერტორების გვერდის ავლით“.
ამავე პერიოდში იზრდება გამონაბოლქვ აირებში ნახშირჟანგის (CO) მაქსიმალური დასაშვები შემცველობა და სხვა. შესაბამისად, 2020 წლამდე ჩატარებული ე.წ. ტექდათვალიერების დროს არ შემოწმდება იმ მოთხოვნების შესრულება, რომლებიც მჭიდრო კავშირშია ჰაერის დაბინძურებასთან. აღნიშნული გულისხმობს, რომ მომავალი წლების განმავლობაშიც ტექდათვალიერება ვერ უზრუნველყოფს ჰაერის დაბინძურების მნიშვნელოვნად შემცირებას.
საქართველოს სახალხო დამცველმა კანონპროექტის საკომიტეტო განხილვისას დააფიქსირა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მხარი დაუჭირა ყველა ავტოტრანსპორტის ე.წ. ტექდათვალიერების დროულად ამოქმედებას იმ სახით, რაც დადებითად აისახებოდა ქვეყანაში ჰაერისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე“, – აცხადებს სახალხო დამცველი.