სახალხო დამცველი - დაუშვებელია პოლიტიკური ოპონირების იარაღად ბავშვების, მათი პირადი ცხოვრებისა და ოჯახური სტატუსის გამოყენება
სახალხო დამცველი - დაუშვებელია პოლიტიკური ოპონირების იარაღად ბავშვების, მათი პირადი ცხოვრებისა და ოჯახური სტატუსის გამოყენება

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 2021 წლის 9 ნოემბერს, აქციის მიმდინარეობისას გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რაც საფრთხის შემცველია ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობისთვის და არღვევს მის საუკეთესო ინტერესს – დაცული იყოს ნებისმიერი ფორმით ძალადობისგან, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია პოლიტიკური ოპონირების იარაღად ბავშვების, მათი პირადი ცხოვრებისა და ოჯახური სტატუსის გამოყენება.

„ამგვარი ქმედება არამხოლოდ არღვევს კონკრეტული ბავშვის უფლებას, არამედ საფრთხის ქვეშ აყენებს ზოგადად ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვას ქვეყანაში. დაძაბული პოლიტიკური ფონის მიუხედავად, ბავშვები დაცული უნდა იყვნენ ნებისმიერი ფორმის ფსიქო-ემოციური ძალადობისგან და ამის გათვალისწინების ვალდებულება, უპირველესად, სწორედ საჯარო პირებს აკისრიათ.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საჯარო პირებს და პოლიტიკოსებს, პოლიტიკური დებატებისას თუ სხვა ნებისმიერ პროცესში, იხელმძღვანელონ ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის სტანდარტით და არ მოახდინონ ბავშვის მიმართ ძალადობის, ბულინგის თუ სხვაგვარი ქმედების წახალისება“, – აღნიშნულია განცხადებაში.