სახალხო დამცველი - არსებული საკანონმდებლო გარანტიების მიუხედავად, საქართველოში კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა
არსებული საკანონმდებლო გარანტიებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების მიუხედავად, საქართველოში კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა, – ამის შესახებ სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებაშია აღნიშნული.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში საჯარო პირების მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამები ხელს უშლის ქვეყანაში თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას და ახალისებს დისკრიმინაციას.
„2004 წლიდან მოყოლებული, 17 მაისს მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
მიუხედავად არსებული საკანონმდებლო გარანტიებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებისა, საქართველოში კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა, განსაკუთრებით ჯანდაცვაზე, განათლებაზე, დასაქმებაზე ხელმისაწვდომობა, საჯარო სივრცეში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა.
საგულისხმოა ისიც, რომ ბოლო პერიოდში საჯარო პირების მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამები ხელს უშლის ქვეყანაში თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას და ახალისებს დისკრიმინაციას“, – აცხადებს სახალხო დამცველი.
როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, სწორედ ლგბტ+ პირთა გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში, საქართველოს წინააღმდეგ განხილულ საქმეებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს ხელისუფლების ორგანოების ვალდებულებას, გამოიყენონ ყველა შესაძლო საშუალება, მაგალითად, საჯარო განცხადებების მეშვეობით, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, მოახდინონ ტოლერანტული, შემრიგებლური პოზიციის ადვოკატირება.
„სიტუაციას ამძიმებს ისიც, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით შემუშავებულ სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებში ლგბტ+ ჯგუფი საერთოდ არ არის ნახსენები.
შესაბამისად, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ აუცილებელია, ლგბტ+ ადამიანების უფლებათა დარღვევის ფაქტებზე ყველა პასუხისმგებელმა უწყებამ ეფექტიანი პრევენციული რეაგირება უზრუნველყოს“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.