სახალხო დამცველი არასამთავრობო სექტორთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს
სახალხო დამცველი არასამთავრობო სექტორთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს

დღეს ნინო ლომჯარიამ, მესამე სექტორთან ომბუდსმენის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ პირველი შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი არასამთავრობო სექტორის მოსაზრებების მოსმენა იყო იმ საკითხებზე, რომელზეც მათი აზრით, ნინო ლომჯარიამ ყურადღება უნდა გაამახვილოს.

“არასამთავრობოების წარმომადგენლებს გავაცანით ჩვენი ხედვები და უახლოესი გეგმები. აქცენტი გაკეთდა საპარლამენტო ანგარიშზე, რომელიც მარტის თვეში უნდა წარედგინოს საქართველოს პარლამენტს ახალი ფორმატით. პირველ რიგში არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მოვისმინე ის შეკითხვები და თემები, რაც მათ აწუხებთ, რაც სურთ რომ აისახოს საპარლამენტო ანგარიშში და სხვა სპეციალურ ანგარიშებში. რაზეც მათ სურთ, რომ სახალხო დამცველი უფრო აქტიური იყოს და თანამშრომლობდეს მათთან. პრაქტიკულად ყველა ეს თემა წამოწიეს. ჩვენთვის ეს ძალიან აქტუალურია, ვაპირებთ მუშაობას და შესაბამისად, ეს აისახება ყველა იმ ანგარიშში, რის გამოცემასაც ვაპირებთ მომავალი წლის განმავლობაში. ეს საკითხები შეეხებოდა როგორც თანასწორობის საკითხებს ასევე ბავშვთა უფლებებს, სამართალდამცავი ორგანოების რეფორმის საკითხს, სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებსა და მედიის თავისუფლების საკითხებს. დავფარეთ ყველა ის საკითხი, რაც აქტუალურია ადამიანის უფლებების მიმართულებით საქართველოში“, –  განმარტა ნინო ლომჯარიამ.

ომბუდსმენი, არასამთავრობო სექტორთან მსგავსი შეხვედრების გამართვას მომავალშიც გეგმავს.