სახალხო დამცველი - ადრეული ქორწინების დროს, არასრულწლოვნის ინტერესების დასაცავად ხშირშემთხვევაში არანაირი ღონისძიება არ ტარდება
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ რეფერირების (ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის) პროცედურის დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტმა ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის არაერთი საქმე შეისწავლა, როდესაც ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებები ინფორმირებულნი იყვნენ ქორწინების/ნიშნობის ფაქტის შესახებ, თუმცა პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებებისთვის არ მიუმართავთ.
მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება არღვევს ბავშვის ჯანმრთელობის, განათლების, თანასწორობის, ძალადობისა და ექსპლუატაციისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების უფლებას, ქორწინების ნებაყოფლობითობის, ტრადიციული ფაქტორისა თუ წყვილის თანაცხოვრების მიზეზით, არასრულწლოვნის ინტერესების დასაცავად, ხშირშემთხვევაში არანაირი ღონისძიება არ ტარდება.
ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს პედაგოგები წარმოადგენენ, რომელთა ვალდებულებაშიც ფაქტის შეტყობის შემდეგ, შესაბამისი სტრუქტურების ინფორმირება შედის. სამწუხაროდ, სკოლაში მომუშავე პირებმა, ხშირად, არაფერი იციან რეფერირების დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ.
რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებთან დაკავშირებით არსებულ ვალდებულებებზე მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლება და რეფერირების დოკუმენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე კონტროლის გამკაცრება მოითხოვა“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციაში.