საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე წლის 7-9 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
სახალხო დამცველის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 7 მარტის საღამოს საათებში, გაფრთხილების თაობაზე განცხადებების გაკეთების დროისთვის აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი შეწყვეტისა და ძალის გამოყენების საფუძველი.
რაც შეეხება აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობის შემთხვევებს, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური – აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები.
ამასთან, ლევან იოსელიანი აღნიშნავს, რომ შეკრების მონაწილეთა ნაწილის მიერ დაწყებული ძალადობრივი ქმედებები დაედო საფუძვლად სამართალდამცავების მხრიდან მთელი შეკრების ძალის გამოყენებით გაუმართლებელ შეწყვეტას 8 მარტსაც.
„საქართველოს სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები უწყვეტ რეჟიმში აქტიურად ადევნებდნენ თვალს საქართველოს პარლამენტთან „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების გაპროტესტების მიზნით 7-9 მარტს გამართული აქციების მიმდინარეობას. ამავე დღეებში სახალხო დამცველი და აპარატის თანამშრომლები ახორციელებდნენ ვიზიტებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სამმართველოში, განყოფილებებსა თუ დროებითი მოთავსების იზოლატორებში აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების მოსანახულებლად. საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება. ამასთან, მინდა, აღვნიშნო, რომ ცალკეულ პირთა ან პირთა მცირე ჯგუფის სიტყვიერი თუ ფიზიკური აგრესიის, თუ ძალადობის აქტები არ აბათილებს იმ ადამიანთა შეკრების თავისუფლებას, რომლებიც მშვიდობიან ქცევას განაგრძობენ. სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2023 წლის 7 მარტის საღამოს საათებში, გაფრთხილების თაობაზე განცხადებების გაჟღერების დროისთვის აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი, არ არსებობდა მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი. რაც შეეხება აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობის შემთხვევებს, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური – აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამართალდამცავებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც ეწინააღმდეგება უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს. პარლამენტის უკანა შესასვლელთან, შეკრების მონაწილეთა ნაწილის მიერ დაწყებული ძალადობრივი ქმედებები დაედო საფუძვლად სამართალდამცავების მხრიდან მთელი შეკრების ძალის გამოყენებით, გაუმართლებელ შეწყვეტას 8 მარტსაც. მას შემდეგ, რაც შეკრების მონაწილეთა ნაწილმა დაიწყო საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელის მხარეს შენობის დაზიანება, მინების ჩამსხვრევა, პოლიციამ შესაბამისი რეაგირებები განახორციელა, თუმცა აღნიშნული ძალის გამოყენება სრულიად არალეგიტიმურად გაგრძელდა საქართველოს პარლამენტის წინ მდგარი შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ. შეკრებების მართვის მიზნით სამართალდამცავთა მიერ გამოყენებული ღონისძიებების შედეგად, დაშავდნენ ადგილზე მოვლენების გაშუქების მიზნით მყოფი მედიის წარმომადგენლებიც, გავრცელდა ინფორმაცია მათი საქმიანობის ხელშეშლის შესახებაც, მაშინ როდესაც აქციის მიმდინარეობისას კანონმდებლობა მათ განსაკუთრებული დაცვის ქვეშ აქცევს. ამავდროულად, სამართალდამცავები აქტიურად მიმართავდნენ მონაწილეების ადმინისტრაციული წესით მასობრივი დაკავების პრაქტიკას. გავრცელებული კადრები ცხადყოფს, რომ ცალკეულ შემთხვევებში მსგავსი ღონისძიება არ წარმოადგენდა მიმდინარე სამართალდარღვევის აღკვეთის ზომას, შესაბამისად, ვერ პასუხობდა აუცილებლობის მოთხოვნას და უფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის სახე ჰქონდა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ამასთან, ლევან იოსელიანის განმარტებით, 7-9 მარტს აქციების მიმდინარეობის პარალელურად, სახალხო დამცველმა და რწმუნებულებმა მოინახულეს 96 დაკავებული პირი. ლევან იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს აქციებზე დაკავებულ პირთა საქმეების შესწავლას, ასევე მომავალში განახორციელებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების მონიტორინგს.
„რწმუნებულები დაკავებულებთან შეხვედრის მიზნით ინტენსიურად მუშაობდნენ არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. ამასთან, რამდენიმე დაკავებულმა პირმა აპარატს მომართა მათი დაკავების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით. დაკავებულები მიუთითებდნენ დაკავების უხეშ ფორმებზე და რიგ შემთხვევაში აღენიშნებოდათ დაზიანებები. რამდენიმე დაკავებულის შემთხვევაში, მათივე სურვილითა და თანხმობით, სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოძიების დაწყების მიზნით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევა. მისი და მოწმის განმარტებით, შსს-ს რამდენიმე წარმომადგენელი მას ფიზიკურად გაუსწორდა, სცემეს ხელებით, ფეხებითა და ხელკეტებით. მას აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები თავისა და კისრის არეში, ასევე ხელის მტევნის არეში. სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს აქციებზე დაკავებულ პირთა საქმეების შესწავლას, ასევე მომავალში განახორციელებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების მონიტორინგს. ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტებზე“, – განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.