სახალხო დამცველი საზოგადოებას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2017 წლის ანგარიშს დღეს წარუდგენს.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს 2017 წლის ანგარიში 30 მარტს წარუდგინა.
„347-გვერდიან დოკუმენტში სამოქალაქო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა ფართო სპექტრია მიმოხილული. სახალხო დამცველი ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს 2017 წელს ადამიანის უფლებათა სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე და თავს უყრის ხელისუფლების სხვადასხვა შტოს მისამართით შემუშავებულ ძირითად რეკომენდაციებს“, – ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციაში.
347-გვერდიან დოკუმენტში მოხვდა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთალის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ივანე მერაბიშვილის საქმეები.
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული შესწავლის საგანი უნდა გახდეს დაკავების გეგმა.
„განსაკუთრებული შესწავლის საგანი უნდა გახდეს სასამართლოს განჩინების მიღებიდან ოპერაციის ჩატარებამდე შემუშავებული დაკავების გეგმა და ოპერაციაზე კონტროლი. ასევე დასადგენია, გაითვალისწინა თუ არა ოპერაციის ჩამტარებელმა უწყებამ ძალის პროპორციული გამოყენებისთვის ყველა შესაძლებლობა, რათა გამოუსწორებელი შედეგი, სიკვდილი აერიდებინა თავიდან“, – ნათქვამია ანგარიშში.
ომბუდსმენის ანგარიშში ასევე მოხვდა ვანო მერაბიშვილის საქმე, სადაც სახალხო დამცველი ხელისუფლებას ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების რეკომენდაციით მიმართავს, მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდის გამოძიებას და დამნაშავე პირების დასჯას ითხოვს.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამია, რომ ომბუდსმენი მხარს უჭერს მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას.
347-გვერდიანი დოკუმენტის ძირითად საკითხებს ნინო ლომჯარია საზოგადოებას დღეს, 11:00 საათზე გააცნობს.